რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „უკრაინული WikiLeaks-ის ახალი აუდიოჩანაწერი ახალი პოლიტიკური კოალიციის ჩამოყალიბებაზე მოწმობს, რომელიც ძალაუფლების ხელში აღებას შეძლებს“

 წინა პარასკევს (2015 წლის 4 დეკემბერს) უკრაინული WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო აუდიოჩანაწერი მოწმობს, რომ საქართველოში შესაძლოა მალე გამჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხელისუფლებაზე პრეტენზია ექნება. სავარაუდოდ, ეს იქნება ძველი პარტიებისა და გამოცდილი პოლიტიკოსებისგან შემდგარი კოალიცია, რომელიც პოლიტიკურ არენაზე ედუარდ შევარდნაძის მეორე მმართველობის ხანაში გამოჩნდა – პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ, თუმცა, საკვანძო პოზიციები ზურაბ ჟვანიასა და მიხეილ სააკაშვილის დროს დაიკავეს. ახალბედა პოლიტიკაში მხოლოდ კოალიციის ხელმძღვანელი – საოპერო ვარსკვლავი პაატა ბურჭულაძე იქნება. „პაატა ბურჭულაძე – საქართელოს განვითარების ფონდი“ – ახალი ბრენდია, რომელიც მოწოდებულია გააერთიანოს ზემოდასახელებული პოლიტიკური ძალები „სამშობლოს საკეთილდღეოდ“. ამგვარი დასკვნების გაკეთების საფუძველს შემეგი ფაქტები იძლევა.

უკრაინულმა WikiLeaks-მა გამოაქვეყნა ღვიძლი ძმების – გოკასა და ლადო გაბაშვილის ამასწინანდელი სატელეფონო საუბრის საიდუმლო აუდიოჩანაწერი. ამ საუბრის დეტალებზე კომენტარის გაკეთებამდე აღვნიშნავ, რომ მათმა მამამ – კოტე გაბაშვილმა – პოლიტიკური კარიერა 1991 წლის დეკემბერი–1992 წლის იანვრის პერიოდში გაიკეთა, როცა ავტომატით ხელში ზვიად გამსახურდიას დამხობაში მონაწილეობდა. ამიტომ 1992 წლიდან, შევარდნაძის პრეზიდენტობისას კოტე გაბაშვილი –  განათლების მინისტრი, თბილისის მერი და საქართველოს ელჩია გერმანიაში, სადაც მან ჯორჯ სოროსი გაიცნო და პირველად ჩამოიყვანა საქართველოში. ასევე კოტე გაბაშვილი  1993 წელს ედუარდ შევარდნაძის მიერ დაფუძნებული იმჟამინდელი მმართველი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ „სახე“ იყო, რომელმაც ზვიად გამსახურდიას მმართველი პარტია „მრგვალი მაგიდა–დამოუკიდებელი საქართველო“ შეცვალა. 2004 წლიდან კი, სააკაშვილის პრეზიდენტობისას, კოტე გაბაშვილი საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს ელჩია იტალიაში.

კოტეს ვაჟი – გოკა გაბაშვილი – 1998 წლიდან 2002 წლამდე საქართველოში მამამისის ხელშეწყობით გახსნილ სოროსის  ფონდში მუშაობს. ხოლო 2000 წელს გოკა ინიშნება ზურაბ ჟვანიას ახალშექმნილი პარტია „გაერთიანებული დემოკრატების“ გენერალურ მდივნად, რომელმაც დიდი ვაი–ვაგლახით 2003 წლის 23 - 24 ნოემბრის ღამის სახელმწიფო გადატრიალებამდე მიაღწია, „ვარდების რევოლუციის“ სახელით რომ არის ცნობილი. ჩამოაგდო რა ედუარდ შევარდნაძე, როგორც უწინ მამამისმა დაამხო ზვიად გამსახურდია, გოკა გაბაშვილი სააკაშვილის მმართველობისას კულტურის მინისტრი და ახალი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ლიდერი გახდა (როგორც მანამდე მამამისი გახდა შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ „სახე“ – იხ. ზემოთ). გააგრძელა რა ოჯახური ტრადიციები, 2008 წელს გოკა გაბაშვილი მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, როგორც უწინ – მამამისი. დღეს გოკა გაბაშვილი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი და საპარლამენტო უმცირესობის – ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია.

ყურადღება მიაქციეთ ალგორითმს: სააკაშვილის მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ანაცვლებს შევარდნაძის მმართველ პარტიას „მოქალაქეთა კავშირი“, თუმცა იქმნება მიშას მიერ ამ უკანასკნელის „მოწინავე შემადგენლობიდან“ – ზურაბ ჟვანიას აღსაზრდელებისა და თანამოაზრეებისგან. თავად სააკაშვილიც მის მიერ შემდგომში მოკლული ჟვანიას აღსაზრდელი და ასევე შევარდნაძის მმართველი პარტია „მოქალაქეთა კავშირის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

რაც შეეხება კოტეს მეორე ვაჟს – ლადო გაბაშვილს, მის შესახებ ქართველ საზოგადოებას არაფერი სმენია გასულ პარასკევს უკრაინული WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერამდე. ცნობილია მხოლოდ, რომ ის უკრაინაში გამოჩნდა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად ალექსანდრე კვიტაშვილის დანიშვნისთანავე და, როგორც ჩანს, მისი შემწეობითვე, წამოიწყო იქ ფარმაცევტული ბიზნესი.

მაშ რაზე ლაპარაკობდნენ ტელეფონით ძმები გაბაშვილები, რომლის აუდიოჩანაწერიც უკრაინულმა WikiLeaks-მა ყოველდღიურ საინფორმაციო–ანალიტიკურ გაზეთ Украинская революция–ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა?

მიშა სააკაშვილზე, რომელსაც მრავალგზის უწოდეს „ძალაუფლებით შეპყრობილი გიჟი“, რომელსაც „გაუტკბა“ და „იმის ნაცვლად, რომ ოდესასა და ივანიშვილზე იფიქროს“, მისი გუნდის მიმართ ეჭვებითაა შეწუხებული და „ნაცმოძრაობის“ „მოწინავე შემადგენლობასთან“ ბრძოლითაა დაკავებული, რომელსაც „უგულავას ხალხს“ ეძახის. ესენი არიან – თავად გოკა გაბაშვილი, „ნაცმოძრაობის“ ლიდერი და იდეოლოგი, უშიშროების საბჭოს ექსმდივანი გიგა ბოკერია და ციხის „სამმეტრიან საკანში“ მჯდომი თბილისის ექსმერი გიგი უგულავა. „იმის ნაცვლად, რომ ჩამოეჩოჩა და დაემალა თავისი სამარცხვინო ძალოვნები“, თუკი მომავალ არჩევნებში კარგი შედეგის მიღება უნდა, – ამბობენ სატელეფონო საუბარში ძმები გაბაშვილები, – სააკაშვილი კვლავ ფსონს ჩამოდის მათზე. ყველაზე მეტად – „სათვალიანზე“, ანუ ამჟამად ოდესაში მყოფ ზურაბ ადეიშვილზე, ასევე, ქართულ ციხეში მსხდომ ვანო მერაბიშვილსა და ბაჩო ახალაიაზე.

ძმები გაბაშვილები სატელეფონო საუბარში ბოლო სიტყვებით ლანძღავენ სააკაშვილის მთელ გარემოცვას, რომელიც „კუჩკა - კუჩკა დადის“ და პარტიის ყრილობის მოწვევა სურს, რაც „ჭუჭყიანი საცვლების სააშკარაოზე გატანას“ ნიშნავს. ესენი არიან ლევან ვარშალომიძე, მურთაზ ზოდელავა, დავით საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე , რომელსაც ძმები „უპრინციპო და უღირებულებებო თავხედ ჭიათურელ კომკავშირელს“ უწოდებენ.

როგორც ძმები გაბაშვილების საუბრიდან ხდება ნათელი, პარლამენტარი გივი თარგამაძე, „ვასილიჩის“ მეტსახელით რომ არის ცნობილი, როგორც „ფერადი რევოლუციების“ ორგანიზატორი, ასევე ზემოჩამოთვლილი „უგულავას ხალხის“ შემადგენლობაშია, რომლებიც თავისი თანაპარტიელებისგან “მაღალი მორალური პრინციპებითა და ღირებულებებით გამოირჩევიან“...

„მაგრამ უკრაინული Wikileaks-ის აუდიოჩანაწერები „ნაცმოძრაობაში დაპირისპირებასა და სრულ დაშლას მოწმობს და არა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას საქართველოში!“ – წამოიძახებს მკითხველი. განვმარტავ.

სააკაშვილის გეგმებში, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა უკრაინული WikiLeaks-ის მიერ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების დღეს დაკარგა, საქართველოში, ხელისუფლების სათავეში დაბრუნება შედის. ქართველი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, პროგრამაში «За рубежами» с Игорем Измайловым არ გამორიცხავს მოვლენათა ამგვარ განვითარებას იმ პირობით, თუ ამერიკელები საქართველოში ქაოსისა და სამოქალაქო ომის გაჩაღებას მოინდომებენ. თუმცა მგონია, ამერიკელები გაცილებით დიდი ხალისით დაუჭერენ მხარს არა სააკაშვილს, მისი პირსისხლიანი ძალოვანებით,  არამედ ახალ კოალიციას „პაატა ბურჭულაძე–საქართველოს განვითარების ფონდი“ , სადაც შევა ჟვანიას გუნდიც, რომელსაც სააკაშვილი „უგულავას ხალხს“ უწოდებს.

ზემოთ ტყუილუბრალოდ როდი მივაქციე მკითხველების ყურადღება ალგორითმს: სააკაშვილის მმართველმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შევარდნაძის მმართველი პარტია ჩაანაცვლა, თუმცა შეიქმნა მიშას მიერ ამ უკანასკნელის “მოწინავე შემადგენლობისგან“ – ზურაბ ჟვანიას აღსაზრდელებისა და თანაგუნდელებისგან.

ანალოგიურად, ახალი პოლიტიკური კოალიციის ღერძი წარმოდგენილი იქნება სააკაშვილის ექსმმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ „მოწინავე შემადგენლობისგან“, რომლებსაც მიშა „უგულავას ხალხს“ უწოდებს.

მათ დიდი სიამოვნებით შეუერთდებიან თანამოაზრეები: ჟვანიასა და გიგა ბოკერიას მეგობარი – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც საახალწლოდ, დიდი ალბათობით, შეიწყალებს გიგი უგულავას; პარლამენტის ექსთავმჯდომარე დავით ბაქრაძე და ქართული პოლიტიკის „უხუცესები“ – გია ბარამიძე, გიგი წერეთელი, მიშა მაჭავარიანი და მისი უახლოესი მეგობარი ხათუნა გოგორიშვილი, რომლებმაც ვირტუოზულად გაიარეს ეკლიანი გზა შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირიდან“ სააკაშვილის „ნაცმოძრაობამდე“, გადააბიჯეს რა თავისი მასწავლებლის – ზურა ჟვანიას ცხედარს! მიშა მაჭავარიანის ღვიძი ძმა – ვანო მაჭავარიანი – პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი და ყოფილი მრჩეველი, უკვე მუშაობს პაატა ბურჭულაძესთან „საქართველოს განვითარების ფონდის“ აღმასრულებელ მდივნად, ხოლო ფონდის სადამკვირვებლო საბჭოს წევრები (რომლის თავმჯდომარეც მისი დამფუძნებელი – თავად პაატა ბურჭულაძეა), საქართველოში კარგად ცნობილი ადამიანები არიან – მერაბ ტყეშელაშვილი (პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე ქვემო ქართლში და ქალაქ რუსთავის მერი შევარდნაძის მმართველობის ხანაში), და ირაკლი გურჩიანი („ტოიტა ცენტრი–თბილისის“ დირექტორი). ბურჭულაძესთან ასევე მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი, რომელიც პრაქტიკულად წარმოადგენს კონტაქტ–პერსონას „მთაწმინდის სასახლესთან“.

2013 წელს (თანამდებობაზე ყოფნიდან ერთი წლის თავზე) პოლიტიკიდან სახლში წასულმა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხომ, მთაწმინდაზე ასვლისას ღიად განაცხადა, რომ იქიდან არბიტრივით დააკვირდებოდა მოვლენებს და თუ უცებ დაინახავდა, რომ ერთი მხარე მეტისმეტად გაძლიერდა, დაეხმარება (მათ შორის, ფინანსურად) მეორე მხარეს. ანუ ბიძინა ივანიშვილი არასოდეს მალავდა, რომ შექმნიდა საქართველოში ორპარტიულ სისტემას პარტია „ქართული ოცნებისა“ (არ აურიოთ იმავე დასახელების კოალიციაში) და „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომლებიც რიგრიგობით ჩაანაცვლებენ ერთმანეთს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში.

დღეს ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება ღიად მოუწევს, როგორც პირობა დადო, თუკი „საქმეები ძალიან ცუდად წავიდოდა“. საქმეები კი ძალიან ცუდად წავიდა ორი მიზეზით:

პირველი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო 3 წლის განმავლობაში (2012 წლიდან, ახალი ხელისუფლების დროს) ვერ შეძლო რებრენდინგი - „უგულავას ხალხმა“ ვერ გარისკა საერთაშორისო დამნაშავე სააკაშვილისა და მისი პირსისხლიანი ხელისბიჭებისგან გამიჯვნა. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორც ამას ძმები გაბაშვილების სატელეფონო საუბრები მოწმობს – ღრმა განხეთქილება და დაპირისპირებაა.

მეორე: ღრმა განხეთქილება და დაპირისპირებაა პარტია „ქართულ ოცნებაშიც“, რომელიც ივანიშვილის წავსლის შემდეგ დაინგრა ისე, რომ ბოლომდე არცკი ჩამოყალიბებულა. ხელმძღვანელი პარტიული ორგანოები, მათ შორის – პარტიის მთავარი პოლიტსაბჭო, თითქოსდა განგებ არის დაკომპლექტებული არაკომპეტენტური, არაადექვატური, ქართველი საზოგადოებისათვის უცნობი სუბიექტებით, ანდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს გადაბირებული მოღალატეებით – სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტებით.

თუმცა, საქმე არ ამოიწურება საკადრო პოლიტიკაში ჩავარდნებით: მოქმედი ხელისუფლების ყველა მცდარი გადაწყვეტილება ბოლომდე სპობს სამწლიანი მმართველობის მანძილზე „ქართული ოცნების“ ისედაც მკვეთრად დაცემულ ოდესღაც 55%-იან რეიტინგს! ქართველი ხალხი ვერ ხედავს განსხვავებას საპარლამენტო კოალიცია „ქართულ ოცნებასა“ (რომელშიც მისთვის საძულველი „რესპუბლიკური პარტიაც“ შედის) – და პარტია „ქართულ ოცნებას“ შორის და ვერ გარკვეულა, რომელია მათ შორის მმართველი?! ქართველი ხალხი ვერ ხედავს განსხვავებას ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის - მთავრობაცა და კოალიციაც  ხომ ბიძინა ივანიშვილმა დააკომპლექტა!

სწორედ ივანიშვილის თხოვნით ავირჩიეთ პრეზიდენტად მარგველაშვილი, დედაქალაქის მერად კი ნარმანია, რომლის სახელსაც თბილისელები უგულავას დროს არნახულ საავტომობილი საცობებს უკავშირებენ, სრულებით გამოუსადეგარი, თითქოსდა საგანგებოდ გადათხრილი გზების გამო! საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერების, კატალიზატორების სავალდებულო დაყენების, სავალდებულო დაზღვევის, 100–ქულიანი საჯარიმო ტალონებისა და გზებზე საიდუმლო ვიდეოთვალთვალის ერთდროულად შემოღება, ასევე მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა პირდაპირ საბოტაჟია ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ! მიხეილ სააკაშვილმა ხომ სწორედ ტექდათვალიერების, რეიდებისა და ჩასაფრებული „გაი“-ს გაუქმებით დაიწყო თავისი პრეზიდენტობა და ხალხში უზარმაზარი პიარი გაიკეთა!

„ნაციონალები ცოცხებს გვტენიდნენ, ისინი კიდევ - კატალიზატორებს! დაე ჯერ ევროპული გზები, საწვავი და ხელფასები გააკეთონ და შემდეგ ილაპარაკონ ევროსტანდარტულ გამონაბოლქვებზე! და ნუ იტყუებიან – არც ევროპაში და არც ამერიკაში არ ჭრიან მაყუჩებს და არ ცვლიან ცალკე კატალიზატორებს! ცვლიან მთლიანად მაყუჩებს შიგნით ქარხნულად ჩამონტაჟებული კატალიზატორებით! ხოდა, გვიყიდოს მთავრობამ ახალი მაყუჩები,  რომლებიც მინიმუმ 1200 ევრო ღირს! საიდან მოვიტანოთ 400 ლარი თუ დოლარი კოოპერატიულ თურქულ კატალიზატორში ხელისუფლებასთან დაახლოებულ ვაჭრისთვის გადასახდელად?! ანდა 800, თუ მაყუჩს ორი ავზი აქვს? სად დავაყენოთ მერე ისინი - რატომ არ შექმნა მთავრობამ წინასწარ სპეციალური ტექპუნქტები, სადაც ამას მომზადებული სპეციალისტები გააკეთებდნენ?! რამდენ ხანს უნდა ვიდგეთ რიგებში, ვის მივმართოთ და რამდენი გადავიხადოთ კატალიზატორების დაყენებაში? და მერე - სავალდებულო ტექდათვალიერებაში და დაზღვევაში?! საქართველოში მანქანების უმეტესობა იმდენი არ ღირს, რამდენიც ეს სამუშაოები და გადასახადები! ჰოდა, წავალთ და ხმას ნაციონალებს მივცემთ!“ – სამართლიანად გამოთქვამს აღშფოთებას ხალხი. „ქართული ოცნება“, თუკი ამ „სიახლეებს“ მიიღებს, დიდი მარცხით წააგებს არჩევნებს და მას ვერ იხსნის კატალიზატორების, ტექდათვალიერების, ჯარიმებისა და დაზღვევისგან მიღებული მილიონები. ხოლო რესპუბლიკელი აგულაშვილის მავნე ინიციატივას რესპუბლიკელი უსუფაშვილი პარლამენტს აუცილებლად მიაღებინებს!

თუმცა, თუ ივანიშვილს ეს ყველაფერი ესმის, მაშასადამე, ისიც ხელს უწყობს საქართველოში „ახალი“ პოლიტიკური ძალის – კოალიციის შექმნას პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, რომელსაც საპარლამენტო არჩევნებში მშვიდობიანად “შეებრძოლება” ბატონი ბიძინას მიერ შექმნილი პარტია „ქართული ოცნება“. და შემდეგ უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება – ვის ექნება „საკონტროლო პაკეტი“, ანუ საპარლამენტო უმრავლესობა: ორი განახლებული პოლიტიკური ძალის – ხელისუფლებისა და ოპოზიციის - კოაბიტაცია ამჟამად უპრობლემოდ განხორციელდება! ქართული პოლიტიკა კი ბურჭულაძის სახით ქართველ კობზონს მიიღებს...

ახალ კოალიციას ბურჭულაძის ხელმძღვანელობით,  „უგულავას ხალხისა“ და პრეზიდენტ მარგველაშვილის გარდა, სავარუდოდ, „რესპუბლიკური პარტია“, ალასანიას „თავისუფალი დემოკრატები“ და ძმანი მისნი შეუერთდებიან, ცალ - ცალკე რომ არაფერს წარმოადგენენ, როგორც „დაუნ ვი დიქტეიტე“.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 5 დეკემბერი,
საქართველო, თბილისი