რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: ღარიბაშვილი უკანასკნელი ბასტიონი იყო – ახლა რესპუბლიკელები შუშის სასახლეზე იერიშს მიიტანენ!

 2015 წლის 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ღარიბაშვილმა პრემიერად 2 წელი იმუშავა და სახელმწიფოს ყველაზე მაღალი პოსტიდან იესო ქრისტეს ასაკში – 33 წლისა წავიდა, ამიტომ იგი, პატარა დასვენების შემდეგ კვლავ აღდგება ქართულ პოლიტიკაში.

სხეულითა და ჭკუით მაგარი (აღმოსავლეთის ორთაბრძოლების ოსტატი, საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგში, განათლება  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სორბონაში მიიღო), იგი 22 წლის ასაკიდან მენეჯერად მუშაობდა ბიძინა ივანიშვილის კერძო სტრუქტურებში, რომელმაც ახალგაზრდა ტალანტი შენიშნა და 2012 წელს, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ღარიბაშვილი იმჟამად ყველაზე საპასუხისმგებლო  – შს მინისტრის პოსტზე დანიშნა. ღარიბაშვილმა აქაც გაამართლა მისი ნდობა, ამიტომ ივანიშვილმა ერთი წლის შემდეგ იგი თავის მემკვიდრედ აქცია პრემიერ–მინისტრის პოსტზე და ირაკლიმაც, ივანიშვილის სხვა პროტეჟეებისგან განსხვავებით, მადლობა ერთგულებით გადაუხადა.

მაშ, რა მოხდა უცებ, პრემიერის საახალწლო მილოცვებიც ხომ უკვე დაბეჭდილი იყო?! ღარიბაშვილმა დიდი გამოცდილება მიიღო და დაიღალა იმით, რომ მხოლოდ ვალდებულებები ჰქონდა, უფლებების გარეშე? ამიტომ წავიდა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან 10 თვით ადრე, რომ მოემზადოს და ახალი პოლიტიკური ძალის სათავეში დამოკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად წარდგეს? თუ ეს – ივანიშვილის გეგმაა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი საუკეთესო პოლიტიკური შეგირდი მომავლისთვის შემოენახა? ღარიბაშვილს ხომ 2 წლის განმავლობაში პასუხს სთხოვდნენ ყველა გადაცდომაზე, თუმცა საკადრო, შიდა და საგარეო პოლიტიკაში ჩარევისგან ის შეზღუდული იყო და დღე–ღამეში 24 საათი „წელებზე ფეხს იდგამდა“ მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მიმართულებებით.

ქართველი ობივატელი ამას ძალიან პრიმიტიულად ხსნის: „ივანიშვილს დიდი ხანია უნდოდა ღარიბაშვილის მოხსნა, იმიტომ, რომ მას ირაკლის სიმამრის – გენერალ თამაზ თამაზაშვილის მიმართ ცუდად განაწყობდნენ და ცოლის მხრიდან ნათესავების – ე. წ. კახური კლანის“ - მფარველობაში ადანაშაულებდნენ“; „ივანიშვილმა ღარიბაშვილი მოხსნა იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი საერთო ენას ვერ პოულობდა ვიცე–პრემიერთან, ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძესთან, რომელსაც თავად სურს პრემიერ–მინისტრობა და უკვე დააკომპლექტა თავისი კადრებით პარტია „ქართული ოცნება“; „ღარიბაშვილმა მთავრობის 2–წლიანი მუშაობის ანგარიშში არ მოიხსენია ივანიშვილი და ის გაბრაზდა - პირველი წლის განმავლობაში ხომ თავად იყო პრემიერი! ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ 23 დეკემბერს ბერას დაბადების დღე იყო, ივანიშვილმა ღარიბაშვილი გაათავისუფლა! ამიტომ, თავის გამოსამშვიდობებელ განცხადებაში ღარიბაშვილი მადლობას უხდის არა ივანიშვილს, არამედ თავის მეუღლე ნუნუკას, მაშასადამე – სიმამრ თამაზაშვილს!“ – ჭორაობს ხალხი.

 მაგრამ ანალიტიკოსი არ უნდა აზროვნებდეს უბრალო ობივატელივით და არ უნდა დაეშვას „ყვითელი პრესის“ ჭორების დონემდე, პოლიტიკა ხომ, საქართველოშიც კი, არაა ქუჩური გარჩევა კარგსა და ცუდ ბიჭებს შორის! ქართულ ტრადიციებზე აღზრდილი მართლმადიდებელი ქრისტიანი და არაჩვეულებრივი მეოჯახე, უსაზღვროდ შეყვარებული თავის ერთგულ მეუღლე ნუნუკასა და სამ ვაჟიშვილზე, რომლებსაც წმინდანების სახელები დაარქვეს – ნიკოლოზი, ანდრია და გაბრიელი; ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ თეთრი რაში აჩუქა და რომელიც შეეცადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისთვის მინიჭებინა პატიმართა შეწყალების უფლება; რომელმაც კონსტიტუციაში დააფიქსირა, რომ ქორწინება ესაა მამაკაცისა და ქალის კავშირი; კრისტალურად პატიოსანი, გულღია და კეთილი ადამიანი, უაღრესად სუფთა ბექგრაუნდით, ღარიბაშვილი იყო უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს მასზე იერიშის მიმტანი დასავლეთის ლიბერტარიანული გლობალისტური ძალებისგან იცავდა, „რესპუბლიკური პარტიის“, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების – მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით! ივანიშვილის სხვა ხელდასხმულნი მოღალატეები აღმოჩნდნენ - “ყველა დროისა და ხალხების საუკეთესო პრეზიდენტი“ მარგველაშვილი, მინისტრები ალასანია, ფანჯიკიძე, პეტრიაშვილი და ბევრი სხვა დიდი ხანია მტრების ბანაკში გადაბარგდნენ! და ეს პროცესი გრძელდება...

დღეს ივანიშვილსა და პარტია „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს პოლიტიკური მოკავშირეები, ხოლო ღარიბაშვილის გზიდან ჩამოშორებით, ანტიქართული ანტისახელმწიფოებრივი ძალები და არასამთავრობო სექტორი, რესპუბლიკელებითა და ნაციონალებით სათავეში, თამამად შეუტევენ შტურმით შუშის სასახლეს! არაჩვეულებრივი მეოჯახე და მეცენატი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საქართველოს მთავარი საკათედრო ტაძარი – წმინდა სამების ეკლესია აჩუქა; დაადანაშაულა სააკაშვილი 08.08.08 ომის გაჩაღებაში; ხალხის წიაღიდან გამოსული კაცი, რომელიც მუშის შრომასაც და მილიარდიან ბიზნესსაც ეზიარა რუსეთში, რომელთანაც ეკონომიკური და ჰუმანიტარული ურთიერთობები აღადგინა, ხომ ისევე მიუღებელია რესპუბლიკელების და ნაციონალებისთვის, როგორც ღარიბაშვილი! რასაც ისინი არც მალავენ და მუდამ საყვედურობენ ორივეს „პრორუსულობას“...

23 დეკემბერს, რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შემოღება კი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი სიხარული გამოიწვია, „ბოლო წვეთად“ იქცა: ღარიბაშვილს  გადადგომა აიძულეს სწორედ 2015 წლის 23 დეკემბერს, როცა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი ამოქმედდა! რუსეთის მხრიდან სწორ ნაბიჯად შეაფასა ღარიბაშვილმა პრეზიდენტ პუტინის ინიციატივა, რომელმაც 2015 წლის 17 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენისა და მასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის. და ეს ღარიბაშვილს არ აპატიეს!

მკითხველის ყურადღებას კიდევ ერთელ მივაქცევ ღარიბაშვილის ზემოხსენებულ განცხადებას გადადგომის შესახებ 23 დეკემბრის საღამოს, სადაც ღარიბაშვილმა გაიმეორა ჩემი პუბლიკაციის „ONE WAY TICKET”, ანუ მოგზაურობა ევროპაში“ საკვანძო ფრაზა (საქინფორმმა იმავე დღეს, დილით რომ გამოაქვეყნა). ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველო უნდა იქცეს ხიდად დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის“, მე კი ვწერ: „თავად ღმერთმა უბრძანა საქართველოს, იქცეს ხიდად ევროპასა და აზიას შორის. ხიდად, და არა ევროპად!“.

 თუმცა, ცუდსაც აქვს თავისი დადებითი მხარე – ამიერიდან ღარიბაშვილს აღარ მოუწევს გაორება – იფიქროს ერთი, თქვას მეორე, მას ხომ მუდამ თვალს ადევნებდა უსუფაშვილი–ხიდაშელის რესპუბლიკური წყვილი, რათა „ანტიდემოკრატიულ ერესში“ გამოეჭირა! ამიტომ დღეს ხიდაშელი ზეიმობს, მან ხომ ბოლოსდაბოლოს შური იძია ღარიბაშვილზე მისი 2012 წლის იმ ცნობილი სატელეფონო საუბრის გამო! სამაგიეროდ, გადადგომის დღეს ღარიბაშვილის - როგორც ქართველი ხალხის საძულველ რესპუბლიკელებთან უთანასწორო ბრძოლაში დამარცხებულის – რეიტინგი მკვეთრად ზემოთ ავარდა! „ხალხს არ უყვარს რესპუბლიკელები“ დააფიქსირა 2 წლის წინ თავად ივანიშვილმა და ამას რესპუბლიკელები მას  არ აპატიებენ, როგორც არ აპატიეს ღარიბაშვილს...

მე კი, ჩემი მხრივ, თვალყურს ვადევნებ პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მეუღლის  – თავდაცვის მინისტრის მოქმედებებს და ვხედავ, რომ სწორედ ღარიბაშვილის გადადგომის დღეს, ასევე, ერთი დღით ადრეც, ისინი ხვდებოდნენ მრჩევლებს ვაშინგტონიდან. უსუფაშვილმა კი ბოლო ხანს მოუხშირა პოლიტიკიდან შორს მყოფი „მყუდრო“ დაწესებულებების სტუმრობას, რის შესახებაც, საეჭვოა, ბიძინა ივანიშვილმა იცოდეს...

P.S.

საქართველოს არაერთი სახელოვანი მეფე ჰყავდა, რომლებიც, ღმერთისა და სამშობლოსადმი მათი თავდადებული სიყვარულის გამო, წმინდანებადაც კი შერაცხეს. თუმცა ქართველი ხალხი ყველაზე მეტად მოიხსენიებს და პატივს მიაგებს სამ მეფეს – ვახტანგ გორგასალს, დავით აღმაშენებელსა და ერეკლე მეორეს. იმისათვის, რომ ისინი მტკიცე ხელით უსწორდებოდნენ შიდა მტრებს, ხოლო როცა გარეშე მტერს ვერ ამარცხებდნენ, ძლიერ მოკავშირეს პოულობდნენ და შთამომავლებს აყვავებულ საქართველოს უტოვებდნენ!

ეს ფორმულაა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც ერთხელ უკვე დაამარცხა შიდა მტერი – სააკაშვილი. და თუ დღეს ივანიშვილი ქართული პოლიტიკური სპექტრის „დეფრაგმენტაციას“ მოახდენს, წაშლის რა „უმაქნის ფაილებს“ (შეწყვეტს რესპუბლიკელების მხარდაჭერას) და „დააფორმატებს“ „ქართულ ოცნებას“ (დატოვებს რა ღირსეულებს, მაგალითად მინისტრ ჯავახიშვილსა და ქუმსიშვილს, საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მეჭიაურს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ალიბეგაშვილს), მაშინ ბატონი ბიძინა შთამომავლებს აყვავებულ საქართველოს დაუტოვებს და ისტორიაში შევა ზემოხსენებული სამი მეფის დარად!

P.P.S.

საქართველო – ევროპაა და მაშასადამე, თქვენს დაცვას ექვემდებარება!“ – 1713 წლიდან 1716 წლამდე წარუმატებლად ცდილობდა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-სა და რომის პაპის დარწმუნებას სულხან–საბა ორბელიანი. ამისათვის მან კათოლიკობაც კი მიიღო! თუმცა, ოთხმა წელმა ევროპაში ფუჭად ჩაიარა და 1724 წელს გამოჩენილმა ქართველმა სახელმწიფო მოღვაწემ რუსეთს მიაშურა – მოსკოვს, სადაც მოკლე ხანში გარდაიცვალა კიდეც, სოფელ ვსეხსვიატსკოეში, თაობებს კი დარიგებად დაუტოვა ნაშრომი „მოგზაურობა ევროპაში“.

 „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი!“ – განაცხადა 1999 წელს სტრასბურგში  საქართველოს სხვა სახელმწიფო მოღვაწე ზურაბ ჟვანიამ, რომელიც 2006 წელს მის „ახალგაზრდა მეგობარ“ რაულ უსუპოვთან ერთად მოკლეს ერთობ ევროპულ გარემოებებში – თითქოსდა, ისინი სიყვარულით გაერთნენ და ნახშირორჟანგით გაიგუდნენ...

 „დღეს აღსრულდა ჩვენი წინაპრების ოცნება!“ – ისტორიულ გადაწყვეტილებად შეაფასა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის 2015 წლის 18 დეკემბერის ანგარიში, რომლის მიხედვითაც,  ეტაპების გადალახვის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები ვიზალიბერალიზაციის ნაყოფს დააგემოვნებენ“ – ასე იწყება ზემოხსენებული პუბლიკაცია „ONE WAY TICKET”, ანუ მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც საქინფორმმა 2015 წლის 23 დეკემბერს გამოაქვეყნა – ღარიბაშვილის გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე.

არ მეგონა, თუ ჩემი პროგნოზი იმავე დღეს ახდებოდა, თუმცა, მოხარული ვარ, რომ ღარიბაშვილი მარტოდენ გადადგომით გადარჩა და ორბელიანისა თუ ჟვანიას ბედი არ გაუზიარებია...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2015 წლის 28 დეკემბერი
საქართველო, თბილისი