რედაქტორისგან
„თინა ხიდაშელმა პანკისის ხეობაში სტუმრობას „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებთან შესახვედრად მოუხშირა?“ – არნო ხიდირბეგიშვილი

 რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესკონფერენცის ფრაგმენტი, რომელიც საქართველოსთან ურთიერთობებს ეხება, საგანგებოდ იქნა დამახინჯებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“–სა და სხვა ქართული მედიის მიერ: სერგეი ლავროვის კორექტული და უაღრესად კეთილგანწყობილი ტონი ჩანაცვლებული იქნა მუქარის ენით, რომელზეც, თითქოსდა, რუსეთის მთავარი დიპლომატი ლაპარაკობდა.

 რუსულ ენაში გაკვეთილის ჩატარებას სააკაშვილის ტელეკომპანიისათვის არ ვაპირებ, მოვიყვან მარტო ლავროვის ციტატას პანკისის ხეობასთან დაკავშირებით, რომელმაც ისტერიკა გამოიწვია თბილისი პოლიტიკურ, ჟურნალისტურ და ექსპერტთა წრეებში: „...ჩვენ იძულებული გავხდით  უარი გვეთქვა უვიზო რეჟიმზე და გაგვემკაცრებინა სავიზო რეჟიმი დიდწილად იმის გამო, რომ პანკისის ხეობიდან ტერიტორიული საფრთხე არ გამქრალა. სხვათა შორის, ახლაც ზოგჯერ ვრცელდება ზოგი ცნობა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იმისათვის იყენებენ, რომ იქ ივარჯიშონ, დაისვენონ და მარაგები შეივსონ“.

 რა არის აქ ახალი, რაც საქართველოში არ იციან?! იქნებ საქართველოში დაავიწყდათ, რომ სსრკ–ის დაშლის შემდეგ პანკისის ხეობა ტერორისტების ბაზად აქციეს, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში იყენებდნენ?! და საკუთარი მიზნებისთვის - პრეზიდენტები შევარდნაძე და სააკაშვილი: შევარდნაძე – ძალაუფლების შესანარჩუნებლად და, ვითომდა, ჩეჩნების ხელით აფხაზეთის დასაბრუნებლად, სააკაშვილი - პუტინისთვის პრობლემების შესაქმნელად და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის. ვისაც დაავიწყდა, შევახსენებ საქინფორმის ორ პუბლიკაციას:

 „კამო გრიადეში, მიხეილ სააკაშვილი?!“

 „დოშუევი და დანარჩენები დახოცეს იმიტომ, რომ ივანიშვილის მოკვლაზე უარი თქვეს!“

 ახლა კი მკითხველს ვთხოვ, შევიდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიტზე: თქვენ უთუოდ შენიშნავთ, რომ ბოლო ხანს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პანკისის ხეობაში სტუმრობას მოუხშირა,  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრს თუ დავუჯერებთ, წმინდა საგანმანათლებლო და მისიონერული მიზნებით: პანკისელ ახალგაზრდებთან გულღია საუბრებისთვის, რომლებსაც ხიდაშელი კვოტებს ჰპირდება თბილისის უმაღლეს სახელმწიფო სასწავლებლებში და, ასევე, პატიჟებს მათ ქართულ არმიაში (ნაცვლად „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში სამსახურისა, ოღონდ ხელფასს ხიდაშელი „ცოტა უფრო ნაკლებს“ სთავაზობს, ვიდრე ბათირაშვილი). ეს ხერხი ახალი სულაც არ არის – კადიროვიც სთავაზობდა ყველა ჩეჩენ ბოევიკსა და საველე მეთაურს ჩეჩნეთის სახელმწიფო სამართლდამცავ ორგანოებში გადასვლას, ბევრი დათანხმდა კიდეც, დანარჩენები გაანადგურეს.

 მაგრამ რატომ წაშალეს თავდაცვის სამინისტროს საიტიდან 2016 წლის 11 იანვარს პანკისში  თავდაცვის მინისტრის ვიზიტის  ამსახველ ფოტოები?! სადაა გარანტია, რომ თინა ხიდაშელი ფარულ გარიგებებს არ აწყობს არა მარტო პოტენციურ, არამედ პანკისში ჭრილობების მოსაშუშებლად მყოფ მოქმედ ბოევიკებთან, როგორც აკეთებდა შევარდნაძის და  სააკაშვილის ზოგიერთი ძალოვანი მინისტრი?!  რათა ხვალ „ისლამური სახელმწიფოს“ „ელექტორატი“ თავის პოლიტიკური მიზნებისთვის - საქართველოში „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ სრულად ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად - გამოიყენოს? იქნებ, ფოტოები თავდაცვის სამინისტროს საიტიდან იმიტომაც წაშალეს, რომ კადრში, თავდაცვის მინისტრთან ერთად, მისი „იგილელი“ თანამოსაუბრეებიც მოხვდნენ?!

 აი ახლა კი გასაგები ხდება – რატომ არ ეშინია ხიდაშელს საქართველოში ტერაქტების და პარიზში მომხდარი ტერაქტების შემდეგ განაცხადა, რომ სიტუაციას სრულად აკონტროლებს და არავითარი საგანგებო ზომების მიღება საჭირო არ არის, როცა პრემიერი ღარიბაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გომელაური და შს მინისტრი მღებრიშვილი საპირისპიროს აცხადებდნენ! შეგახსენებთ ამ ეპიზოდს, რომელიც პუბლიკაციის „ხიდაშელმა გაიხსენა ხიდირბეგიშვილის მილოცვა პუტინს – თავდაცვის მინისტრის საბედისწერო შეცდომა“ დასაწყისშივე არის აღწერილი.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2016 წლის 28 იანვარი
საქართველო, თბილისი