საზოგადოება
"გაზპრომი" არ არის მხოლოდ ენერგეტიკა! რფ–თან ეკონომიკური და ენერგოთანამშრომლობა რუსეთის რბილი ძალის ნაწილია!" - მარგველაშვილი

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

 ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოს-რუსეთის ურთიერთობაზე საუბრისას "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკება ახსენა.

 „რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და, განსაკუთრებით, ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო  - "გაზპრომი" არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლიტიკური მიზნით იყენებს, ამიტომ "გაზპრომთან" მოლაპარაკება ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით, დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში, გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული ყველა იმ პროცესში, რომელიც უკავშირდება სტრატეგიულ მიზანს - "საქართველოს დაბრუნებას მის ისტორიულ ოჯახში - ევროპულ სახელმწიფოთა დიდ თავისუფალ გაერთიანებაში".