სამართალი
„იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაჟონა ტესტებმა, რომლებიც გამოიყენებოდა მოსამართლეთა გამოცდებზე!“ – სკანდალური დოკუმენტაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. მასალები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა არასამთავრობო ორგანიზაციებს გააცნო. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს არის კონკრეტული დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდისას საბჭოს გარკვეული დარღვევები ჰქონდა.

 „მისი ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადიოდა ის ტესტები, რომლებიც გამოიყენებოდა მოსამართლეთა გამოცდებზე. რა თქმა უნდა, თუკი ეს მართალია, ეს არის დარღვევა და შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ. ეს მიუთითებს, იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემა მოსამართლეების შერჩევა-დანიშვნაში. აქ იყო საუბარი კონკრეტულ ტესტზე, რომელიც იქნა გატანილი და რომელიც მოხვდა იმ პირის ხელში, რომელმაც მიიღო მონაწილეობა გამოცდაში. ნამდვილად არ უთქვამს კონკრეტული ადამიანის სახელი და გვარი, თუმცა, ცხადია, ამაში რომ არ ყოფილიყო მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭო, შეუძლებელი იქნებოდა ამ ყველაფრის გაკეთება“, - განაცხადა “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა.