უცხოეთი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა: ზიკას ვირუსი მსოფლიო მასშტაბის საფრთხედ იქცა

 საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ზიკას ვირუსის აფეთქებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის თქმით, კოღოების მიერ გადამტანი ვირუსის დასამარცხებლად და ვაქცინის შესაქმნელად კოორდინირებული საერთაშორისო მუშაობაა საჭირო.

ზიკას ვირუსის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც. არსებული მონაცემებით ზიკას ვირუსი მსოფლიოს 23 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ჟენევაში გამართულ საგანგებო შეხვედრაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განაცხადებით, ზიკას ვირუსით შესაძლოა 4 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს.

დანიაში "ზიკას" ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. "ბიბისის" ცნობით, ერთ-ერთ მოქალაქეს აღნიშნული ვირუსი უკვე დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, დაინფიცირებულმა მანამდე სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში იმოგზაურა.

"ზიკას" ვირუსი ჯერ ლათინური ამერიკის რეგიონშია გავრცელებული. "ზიკას" პირველი შემთხვევა აშშ-შიც, კერძოდ ვირჯინიის შტატში დაფიქსირდა. მომხდარის შემდეგ თეთრი სახლის ლიდერმა ბარაქ ობამამ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს დაავალა, მიიღონ საჭირო ზომები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ობამამ ასევე განაცხადა, რომ საჭიროა სასწრაფოდ შეიქმნას შესაბამისი ვაქცინა.

"ზიკას" ვირუსის გამო, ათასობით ბავშვი განუვითარებელი ტვინით დაიბადა. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში აღნიშნული ინფექციის საშიშროების გამო, ქალებს დაფეხმძიმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ან მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. "ზიკას" ვირუსი აფრიკისთვის ნაცნობია, იგი პირველად ამერიკის კონტიტენტზე 2015 წლის მაისში დაფიქსირდა.