პოლიტიკა
„ჩვენი ვალია, უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვის და მედიის თავისუფლება, თავისუფალი მედია ხელშეუვალია“ – მარგველაშვილი

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში მედიის თავისუფლებაზე ისაუბრა.

"მედია უმნიშვნელოვანესი ნაწილია როგორ პოლიტიკური ცხოვრების, ასევე გადამწყვეტად მნიშვნელოვანია საარჩევნო წელს, გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი, მიუკერძოებელი და აძლევდეს შესაძლებლობას ყველა პოლიტიკურ ძალას, გამოხატოს თავისი პოზიცია.

დღეს საქართველოში გვაქვს ფართო მედიასპექტრი, ეს მნიშვნელოვანწილად საქართველოს მოქალაქეების ბუნებრივი თავისუფლებისმოყვარეობიდან და ჩვენი ბუნებრივი დემოკრატიულობიდან გამომოდინარეობს. ეს სპექტრი, მრავალფეროვნება აუცილებელია ჩვენთვისაც, როგორც პოლიტიკოსებისთვის, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა, ვესაუბროთ ხალხს.

ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ თვალსაზრისით შეგვიძლია განვახორციელოთ, მდგომარეობს ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების თვითშეზღუდვაში - არ მივცეთ და არ განვახორციელოთ მედიის სარედაქციო პოლიტიკის შეფასება. ეს კანონით არ არის აკრძალული, მაგრამ ეს არის ევროპული პოლიტიკური ტრადიცია, ასე ჩვენ უფრო გავაძლიერებთ დამოუკიდებელ მედიას“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.