პოლიტიკა
„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში შესვლის მოთხოვნა არაადეკვატურია“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები მკაფიოდ არის გამიჯნული. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 „პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მთავრობისა და პირადად მისი მხრიდან პოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობას.

 აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური პასუხისმგებელია მართვაზე და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს თუ ინსტიტუტს, რომელიც ეფექტური მენეჯმენტისთვის არის საჭირო. ძველი კონსტიტუციით, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური იყო პრეზიდენტი, ბუნებრივია, რომ უშიშროების საბჭოში იყო აკუმულირებული ყველა ფუნქცია. დღევანდელი კონსტიტუციით, თუ კრიზისი გადადის საგანგებო მდგომარეობაში, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გადაწყვეტილებების ნაწილის მიღება უშიშროების საბჭოს ფორმატში“, – ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.