საზოგადოება
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 140 მლნ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფა პირდაპირი ინვესტიციაა საქართველოს მომავალში“ – პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ასე აფასებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ 140 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გრანტის გამოყოფას, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

 კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და პროგრამის მიმდინარეობა საქართველოს მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტის მოადგილე ფატემა სუმარმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

 „140 მილიონი დოლარის ოდენობის გრანტი არის პირდაპირი ინვესტიცია საქართველოს მომავალში. ხორციელდება უმნიშვნელოვანესი პროგრამები - მეცნიერებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარება, სან-დიეგოს უნივერსიტეტის პროგრამების სწავლება თბილისში, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საშუალო სკოლებში, მასწავლებლების ტრენინგი და ბევრი სხვა“, - განაცხადა პრემიერმა და აშშ-ის სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.