აქტუალური
„საქართველოს დღეს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანების გზაზე, მაგრამ რუსეთი არ გვიშვებს“ - ხიდაშელი

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესში რუსეთის გავლენასა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერაზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საინფორმაციო გადაცემა „მოამბეში“ პირდაპირი ჩართვისას.

 „რუსეთი არსად გვიშვებს, რუსეთი ქმნის პირობებს, შემდეგ სხვა ქვეყნებს მიანიშნებს, რა ტიპის გადაწყვეტილებებია იმ მომენტში საჭირო. რუსეთის თანხმობა და ნებართვა არ გვჭირდება. რუსეთი, სამწუხაროდ, იქცა იმ ტიპის მოთამაშედ, რომელიც ქმნის ამ პირობებს. ნეგატიურ კონტექსტს ქმნის, რომელიც შემდეგ ნატო-ს მხრიდან თამამი გადაწყვეტილებების მიღების მიზეზი ხდება. საქართველოს დღეს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანების გზაზე - ეს თქვა ნატომ დეკემბერში. ახლა ჩვენც და მათაც გვჭირდება უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაიღოს ეს ფანჯარა. ჩვენ უფრო მეტი შრომა გვჭირდება იმისთვის, რომ უკეთ დავანახვოთ ის, რაც ხდება ჩვენს სამეზობლოში. მათ, ალბათ, ცოტა უფრო მეტი გამბედაობა სჭირდებათ იმისათვის, რომ უკეთ დაინახონ ის, რაც ხდება მათ სამეზობლოში. იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენი და მათი საერთო სამეზობლოა. ვფიქრობ, რომ ჩვენ და ბრიუსელი ერთსა და იმავე ენაზე ვლაპარაკობთ, მთავარია, ამავე ენაზე ავალაპარაკოთ ყველა დედაქალაქი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.