რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: "თინას გზა" - ერდოღანი და ისლამური სახელმწიფო ხიდაშელს საქართველოში სამხედრო დიქტატურის დამყარებაში დაეხმარებიან?

 - ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს? ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან არ მიმიყვანს?!
- ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძართან არ მიგიყვანს...
- არა?! მაშ რა საჭიროა იგი? რის მაქნისია გზა, თუ კი ტაძართან არ მიიყვანს!
                                           (თენგიზ აბულაძის ფილმიდან "მონანიება")

 თბილისიდან მოსკოვში, სოხუმში და ცხინვალში ერთი გზა მიდის, მაგრამ ის დიდმა ლოდმა ჩახერგა, რომელსაც ნატო ჰქვია. თუ ნატო-ზე უარს იტყვის, საქართველო რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დაიბრუნებს.

 ამ ლოდით გზა საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიშა სააკაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ჩახერგეს, რომლებმაც ნატო საქართველოში შემოიყვანეს მას შემდეგ, რაც ალიანსის ხელმძღვანელებმა უარი თქვეს საქართველოს ნატო-ში შეყვანაზე. ამიტომ დღეს საქართველო ოკუპირებულია, მაგრამ ოკუპანტი რუსეთი კი არა, ნატოა, რომელმაც აქ თავისი სამხედრო ბაზები გახსნა:  რიჩარდ ლუგარის სახელობის პენტაგონის ბაქტერიოლოგიური ლაბორატორია ალექსეევკაში, ეროვნული სასწავლო ცენტრი კრწანისში, სწავლებისა და შეფასების ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრი, სამთო მომზადების სკოლა საჩხერეში, სამხედრო ბაზა ვაზიანში, აეროდრომი მარნეულში და სხვ.

 დღეს საქართველოში დიქტატურა უკვე აღარ არის, მაგრამ დემოკრატია ჯერ კიდევ არ არის: ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მმართველმა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" ქართველი ხალხისათვის საძულველი „რესპუბლიკური პარტიის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა და "ნაციონალური მოძრაობის" უპირობო ევროატლანტიკური ორიენტაცია გააგრძელა. თუკი 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს ერთი მტერი ემუქრებოდა - "ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" დაემატა რესპუბლიკური პარტია, რომელმაც ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა! თუ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია "ქართული ოცნება" „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად იმავე სახელწოდების კოალიციაში დარჩება და წინასაარჩევნო მიტინგებზე ისევ იფრიალებს ნატო-ს დროშები, ბიძინა ივანიშვილის დაარსებულ მმართველ პარტიას, რომელმაც 4 წლის განმავლობაში, რესპუბლიკელების და საშინელი მენეჯმენტის გამო, რეიტინგის სამი მეოთხედი დაკარგა, გამანადგურებელი მარცხი და უსახელო დასასრული ელოდება.

 დღეს პოლიტიკური მოკავშირეებისა და იდეოლოგიური თანამოაზრეების ორმა პარტიამ გაორმაგებული ძალით გაშალა საქართველოში სიცრუითა და მასშტაბებით უპრეცედენტო ანტირუსული პროპაგანდა: "ნაციონალური მოძრაობა" და რესპუბლიკური პარტია საქართველოში ნატო-ს “რბილ ძალას” წარმოადგენენ და ბრიუსელისა და ვაშინგტონის მთავარ საინფორმაციო ინსტრუმენტად გვევლიანებიან კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში.

 დეზინფორმატორების განკარგულებაშია ბეჭდვითი მედიის ნახევარზე მეტი, ელექტრონული გამოცემების სამი მეოთხედი და საქართველოს ყველა ტელეარხი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჩათვლით, რომელიც ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულით არსებობს, მათ უმეტესობას კი მეგობრობა რუსეთთან სურს და არა ნატოსთან!

 დეზინფორმატორების განკარგულებაშია აგრეთვე მთელი ე.წ. არასამთავრობო სექტორი: NGO-ების სხვადასხვა პროექტი გულუხვად ფინანსდება დასავლეთის ფონდებიდან და ინსტიტუტებიდან - სოროსის, IRI, NDI და სხვ., აგრეთვე ამერიკული სპეცსამსახურების მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით.

 საქართველოში ანტირუსული პროპაგანდის ლოზუნგი - "დავუპირისპირდეთ პრორუსულ პროპაგანდას!" - ჭკვიანურად არის შემუშავებული აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ლაბორატორიაში (CIA) და საშუალებას იძლევა, ყველა პატრიოტულ პროქართულ ძალას “პრორუსული პროპაგანდისტების” დაღი დაესვას. საქართველოში კი პრორუსული პროპაგანდისტები სინამდვილეში არ არსებობენ. "რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში კრემლის რბილ ძალად" გამოცხადებულია ყველა ობიექტური მასობრივი ინფორმაციის საშუალება და პოლიტიკოსი, რომლებიც არ ეთანხმებიან საქართველოს უალტერნატივო ევროატლანტიკურ კურსს და ნეიტრალიტეტის პოლიტიკისაკენ ან საქართველოს ევრაზიულ კავშირში შესვლისაკენ იხრებიან, და ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე და ქართველი ხალხის მართლმადიდებელი უმრავლესობა, ვისთვისაც მიუღებელია ლგბტ-ფასეულობები და ერთნაირსქესიანი ქორწინება.

 რესპუბლიკური პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდებიან, გააჩუმონ საქართველოში არსებული მცირერიცხოვანი ობიექტური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, როგორც სააკაშვილმა დაარბია 2009 წელს უმსხვილესი ოპოზიციური გაზეთის "ასავალ-დასავალის" რედაქცია გამომცემლობა "სამშობლოს" შენობაში და ტელეკომპანია "იმედი" თბილისში, ანდა როგორც ერდოღანმა დაარბია ა.წ. 5 მარტს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური გაზეთის Zaman-ის რედაქცია სტამბოლში.

 და თუ ეს ამბავი არ გაუვათ და ქართველი ხალხი გაერთიანდება ისეთი პოლიტიკური ძალის ირგვლივ, რომელსაც ძალუძს, პრაგმატული დიალოგი გამართოს მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან, გააუქმოს ვიზები და შეზღუდვები, დაამყაროს ფართო პარტნიორობა და დაიწყოს დევნილების დაბრუნების პროცესი, საიდანაც ერთი ნაბიჯი დარჩება საქართველოს ფედერაციულ რესპუბლიკაში მოძმე ხალხთა მრავალეროვან ოჯახამდე, მაშინ "რესპები" და "ნაცები" უკიდურეს ნაბიჯებზე წავლენ. თუკი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის რესპუბლიკელები არ მიიღებენ მოთხოვნილი 10 დეპუტატის მანდატის და 5 მინისტრის პორტფელის გარანტიას (მათ შორის, აუცილებლად - თავდაცვის და შს მინისტრების), პლუს პრემიერ-მინისტრის პორტფელს (უკიდურეს შემთხვევაში, პრეზიდენტის სავარძელს), პარლამენტის თავმჯდომარის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის და უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობებს, მაშინ თავდაცვის მინისტრი ხიდაშელი შეეცდება, ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება ქართული არმიის ელიტური ქვედანაყოფების დახმარებით, რომლებმაც ერაყი და ავღანეთი გამოიარეს, ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა დაამყაროს და თურქეთის ჯარები შემოიყვანოს (როგორც ნატოს წევრი უახლოესი ქვეყნისა).

 თურქეთი ცალმხრივად გამოვა ყარსის ხელშეკრულებიდან და დაიპყრობს აჭარას, ასევე, მუსლიმანებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონს. გარდა ამისა, თურქეთი შეეცდება, ნატოს სამხედრო რკინიგზით "ყარსი-ახალქალაქი-ბაქო" თავისი ჯარი სომხებით კომპაქტურად დასახლებულ სამცხე-ჯავახეთში შეიყვანოს.

 საპასუხოდ რუსეთი იძულებული გახდება, ჯარი შეიყვანოს ახალქალაქში (ჯავახეთი) ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, რომელიც, ძირითადად, რუსეთში სეზონური სამუშაოთი და სომხეთთან ვაჭრობით ირჩენს თავს. ამის შემდეგ რუსეთი ჯარს შეიყვანს ზუგდიდში (სამეგრელო) და შემდგომ - რუსეთიდან აფხაზეთის გავლით ერევნისაკენ მიმავალი რკინიგზის მთელი ქართული მონაკვეთის დასაცავად, თავისი სტრატეგიული მოკავშირის - სომხეთის თხოვნით.

 სააკაშვილის რჩევით, რომელიც თავის პოლიტიკურ ავანტიურებში ჩრდილოკავკასიელებს იყენებდა და პანკისის ხეობის მკვიდრთ ტაბელურ იარაღს ურიგებდა შსს-ს სპეცგანყოფილების თანამშრომლების მოწმობებთან ერთად, ხიდაშელსაც შეუძლია გამოიყენოს 33 პანკისელისაგან შემდგარი ქვედანაყოფი, რომელიც ორი კვირის წინ დაავერბოვკა ქართულ არმიაში საკონტრაქტო სამსახურისათვის. ასევე ხიდაშელს შეუძლია გამოიღენოს ბოევიკების ბატალიონი "ჯებჰათ-ან-ნუსრა", რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი გამოუგზავნის.  ხიდაშელი არც ისლამური სახელმწიფოს პანკისელებისაგან შემდგარი რაზმების დახმარებას ითაკილებს, იმიტომ რომ რუსეთის ნებისმიერი მტერი - ხიდაშელის მეგობარია!

 ხიდაშელის გზა საქართველოს ტაძართან კი არა, ჯოჯოხეთში მიიყვანს - მისი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ღვთივკურთხეულ ქართულ მიწაზე სირიის მაგვარი სისხლიანი სასაკლაო იფეთქებს, მრავალსაუკუნოვანი კულტურის ქვეყანა საბოლოოდ დაიშლება ნაწილებად და არსებობას შეწყვეტს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2016 წლის 7 მარტი
საქართველო, თბილისი