რედაქტორისგან
"საქინფორმი" სოლიდარობას უცხადებს "ინტერპრესნიუსს" და გმობს სიტყვის თავისუფლებაზე, მედიასა და ჟურნალისტებზე თავდასხმას საქართველოში!

 ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "საქინფორმი" სრულ მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსიდან" და მთლიანად - კომპანია "მედია პალიტრას", რომელიც უხეში თავდასხმების ობიექტი გახდა საქართველოს პრეზიდენტის, თავდასხმის მინისტრის და სხვა მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკების - ალასანიას პარტიის წევრებისაგან, რომელთა მიმართ ქართველ ხალხს დიდი პრეტენზიები აქვს.

 სიტყვის თავისუფლებას, დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებას, ჟურნალისტური საქმიანობის თავისუფლებას საქართველოში ბოლო ხანებში ემუქრებიან, და ეს ნებისმიერ წუთს შეიძლება რეპრესიებში გადაიზარდოს, როგორც სააკაშვილის რეჟიმის დროს! "ინტერპრესნიუსის" პრეცედენტი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

 უცნაური მოსასმენია სენტენციები ჟურნალისტური და ადამიანური ეთიკის ნორმების, მოქალაქეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ ხელისუფლებისაგან, რომელმაც ვერ მოახერხა ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა; მშვიდობიანად გაუშვა ჯალათი სააკაშვილი; რომლის მიმნებებლობის და, შეიძლება ითქვას, ხელშეწყობის გამოისობით საქართველოში ღიად და აქტიურად მოქმედებენ სააკაშვილი-მერაბიშვილის სპეცსამსახურების მიერ გადაბირებული საიდუმლო აგენტები, ასევე, სულ ცოტა, ოთხი სახელმწიფოს სპეცსამსახურების აგენტები.

 "საქინფორმი", ჟურნალისტური კოლექტივისა და მრავალრიცხოვანი მკითხველის სახელით, უფლებამოსილია განაცხადოს:

 პირველი - როგორც ჩვენი კოლეგების საგანგებო განცხადებაში დაწვრილებით არის განმარტებული, "ინტერპრესნიუსს" არ გაუვრცელებია საიდუმლოდ გადაღებული  ვიდეო იმ პოლიტიკოსის ინტიმური ცხოვრებისა, რომელსაც ახლო წარსულში სახელმწიფოში ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა ეკავა;

 მეორე - "ინტერპრესნიუსი" გაბედულად, პასუხისმგებლობით და მსოფლიო მედიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად მოიქცა, როცა თავის მკითხველს თვით ფაქტის შესახებ აცნობა, რადგან ამორალური რეპუტაციის მქონე ამბიციურ პოლიტიკოსებს არ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფოში მაღალ თანამდებობებზე დაბრუნების პრეტენზია;

 მესამე - 2013 წლის 23 ივნისს ხელისუფლებას ყურად რომ ეღო “საქინფორმის” მთავარი რედაქტორის არნო ხიდირბეგიშვილის რეკომენდაციები, რომლებიც გამოქვეყნდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ ღია წერილში "აჩვენეთ ეს ვიდეოები ქართველ ხალხს ისევე, როგორც სააკაშვილის ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს აჩვენეთ!" და არ მოეწყო ნაციონალების მიერ დიდი ხნის წინ გამრავლებული საიდუმლო ჩანაწერების ასლების განადგურების შოუ, დღეს ეს სკანდალი აღარ მოხდებოდა და "ნაცმოძრაობაც" აკრძალული იქნებოდა, როგორც პარტია;

 მეოთხე და უკანასკნელი - საჭირო არ არის თვალთმაქცობა და მორიგი შოუს მოწყობა! იმის შესახებ, რომ ნაციონალებმა "ტიგრიცას" სექსი ვიდეოზე გადაიღეს, მთელმა საქართველომ ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე იცოდა!

"საქინფორმის" ჟურნალისტების სახელით -
მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 14 მარტი
საქართველო, თბილისი