რედაქტორისგან
გერმანელმა ნაცისტებმა რაიხსტაგს წაუკიდეს ცეცხლი, ქართველმა ნაცისტებმა კი - სამებას! - საქინფორმის საგანგებო განცხადება

 2011 წლის 11 სექტემბერს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის განახლებული საკონფერენციო დარბაზი საზეიმო ვითარებაში გახსნა. საღამოს ესწრებოდნენ უწმიდესი, წმიდა სინოდის წევრები, მეუფეები, ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

 ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის გახსნის გასაშუქებლად, კათოლიკოს-პატრიარქის გადაწყვეტილებით, 2011 წლის 11 სექტემბერს მხოლოდ საქინფორმის ჟურნალისტები მიიწვიეს (იხ. რეპორტაჟი, აგრეთვე ფოტორეპორტაჟი).

 ცნობისათვის: საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი განთავსებული იყო სამების მთავარი საკათედრო ტაძრის ტერასაზე, ქვედა დარბაზში. იგი თავიდანვე გათვალისწინებული იყო ახალგაზრდული კონფერენციების, სხვადასხვა ღონისძიებისა და შეხვედრა-საღამოებისთვის. დარბაზი გამოირჩეოდა ულამაზესი თაღოვანი არქიტექტურით, რომელიც მთელი ტაძრისთვის სახასიათოა. ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, 5 წლის განმავლობაში დარბაზში წვიმა ჩამოდიოდარამაც ის იმდენად დააზიანა, რომ იქ რაიმე ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იყო. უწმიდესის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილის  ხელმძღვანელობით, 2011 წლის აპრილიდან ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა. აღდგენილი იქნა 6 000 კვ ტერასისა და სამების შემოგარენის საფარი, მთლიანად განახლდა და დამშვენდა ახალგაზრდული ცენტრის დარბაზი.

 2016 წლის 20 მარტს  ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი ხანძრის შედეგად განადგურდა (ფოტოები და ვიდეო იხ. აქ), წმიდა სამების ტაძრის გადარჩენა სასწაულით მოხერხდა.

 მომხდართან დაკავშირებით საქინფორმი საგანგებო განცხადებას აკეთებს:

 “საქართველოს მთავარ საკათედრო ტაძარში - ყოვლადწმიდა სამების ტაძარში 2016 წლის 20 მარტს ხანძარი იმავე მიზნით გააჩინეს, რა მიზნითაც რაიხსტაგს წაუკიდეს ცეცხლი 1933 წლის 27 თებერვალს, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გერმანიაში ჰიტლერისა და ნაცისტების ძალაუფლების განმტკიცებაში.

 ნაცისტებმა რაიხსტაგის დაწვა საბაბად გამოიყენეს, შედეგად ვაიმარის კონსტიტუციის ყველა სამოქალაქო უფლება გაუქმდა: პიროვნების, შეკრების, კავშირების, სიტყვის, პრესის თავისუფლება, მიმოწერის საიდუმლო და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა. დაიხურა ოპოზიციური გაზეთები, დაიწყო სხვაგვარად მოაზროვნეთა მასობრივი დაპატიმრება, რის შედეგადაც გერმანიაში ფაშისტური დიქტატურა დამყარდა.

 საქართველოში 2003-2012 წლების ფაშისტური დიქტატურა, რომელიც ქართველ ხალხზე დაყრდნობით ბიძინა ივანიშვილმა დაამხო (რომელმაც ააშენა ყოვლადწმიდა სამების ტაძარი), შესაძლებელია, განმეორდეს! გერმანელი ნაცისტების შთამომავლები - ქართველი ნაციონალ-სააკაშისტები იმავე მეთოდებს იყენებენ - სააკაშვილის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლის მოგების შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტში სიტუაციის დესტაბილიზაციის შემდეგ, მათ წმიდათაწმიდას მიაყენეს დარტყმა - ქართველი ხალხის მართლმადიდებლურ რწმენას!

 შემთხვევითი როდია, რომ ხანძარი, რომელმაც ცოკოლის სართულზე უზარმაზარი ფართობი მოიცვა და ათასობით წიგნი და ხატი გაანადგურა, საღვთო ლიტურგიის დროს დაიწყო, რომელსაც ზემოთ, ტაძარში, დიდი მარხვის პირველ კვირაში თავად პატრიარქი ილია ატარებდა, ანუ პატრიარქი, პრაქტიკულად, ცეცხლზე მდგომი ქადაგებდა! 2003 წლიდან მოყოლებული, სწორედ ეს უნდათ სააკაშვილსა და ნაციონალებს - რომ პატრიარქს ფეხქვეშ ცეცხლოვანი უფსკრული გაეხსნას და ის ჯოჯოხეთმა შთანთქას, საიდანაც თვითონ გამოძვრნენ!

 საქინფორმი მოუწოდებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შს მინისტრს და სუს-ის ხელმძღვანელს: დღეს საქართველოში არ არსებობს ამაზე უფრო საშინელი დანაშაული და მის გახსნაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე! მითუმეტეს, რომ პროვოკატორები ამაზე არ გაჩერდებიან - სავარაუდოდ, ისინი ვინმე თავისიანს მოკლავენ, რათა მოქმედი ხელისუფლება დაადანაშაულონ და დაამხონ”.

საქინფორმის რედაქცია
2016 წლის 23 მარტი
საქართველო, თბილისი