სამართალი
ბუქარესტში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი რუმინელ კოლეგა პეტრე ტობას შეხვდა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 გიორგი მღებრიშვილმა პეტრე ტობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადა.

 „ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობ ყველა დონეზე კიდევ უფრო გავაღრმავოთ. იმედი მაქვს, ერთობლივად შევძლებთ, გავუმკლავდეთ ჩვენ წინაშე მდგარ ყველა გამოწვევას“, - აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 პეტრე ტობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რუმინეთი იყო პირველი ქვეყანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.

 გიორგი მღებრიშვილმა და პეტრე ტობამ ხელი მოაწერეს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ერთობლივ დეკლარაციას.