საზოგადოება
ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ჯიმ იონგ კიმს შეხვდა

 საქართველო, 27 აპრილი, საქინფორმი.  საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის ძირითად საკითხებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებსაც საქართველო მსოფლიო ბანკის დახმარებით ახორციელებს.  აღინიშნა, რომ დღემდე მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 2.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო ამ ეტაპზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების მოცულობა 693 მილიონი აშშ დოლარია.

 შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა  საქართველოს ეკონომიკისთვის ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე.

 პრემიერ–მინისტრმა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს  საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა გააცნო. მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში.

 გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა  ჯიმ იონგ კიმს იმ სტრატეგიული პროექტებისთვის, რომლებიც საქართველოში მსოფლიო ბანკის აქტიური ხელშეწყობით განხორციელდა.