საზოგადოება
„ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის - „ერთად ევროპაში“ - დავით უსუფაშვილი

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი.  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველოს კანონში „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ ცვლილებები ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით მას შემდეგ განხორციელდება, რაც ისინი დაინახავენ, რომ ევროპული საქართველო მათთვის უსაფრთხო, წარმატების მიღწევისა და კულტურული იდენტობის შენარჩუნების გარემოა.

 „ჩვენი გზავნილი აფხაზ და ოს მოქალაქეებთან არის - “ერთად ევროპაში” . პრემიერ–მინისტრიც ამაზე საუბრობს, მეც ამაზე ვსაუბრობ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალვე აქ რამე შეიცვლება, ეს შეიცვლება მაშინ, როდესაც დაინახავს ეს ხალხი - და ეს არ იქნება ორ თვეში, ამას დრო დასჭირდება - რომ ევროპული საქართველო, ევროპაში სრულად ინტეგრირებული საქართველო არის მათთვის უსაფრთხო გარემო, ეს არის მათთვის წარმატების მიღწევის გარემო, ეს არის მათთვის და მათი შთამომავლებისთვის როგორც კულტურული იდენტობის, ასევე ოჯახური, ეროვნული და ადამიანური ამოცანების შესრულების ყველაზე მოკლე გზა. პრემიერ–მინისტრიც და მეც მივმართავთ მათ  - “ერთად ევროპისკენ”, სხვა შემთხვევაში პრობლემები ექნებათ მათაც და ჩვენც“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.