აქტუალური
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას დიდი სამამულო ომის მონაწილეთათვის მატერიალური დახმარების გაწევის შესახებ

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა 1941-1945 წლების მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის ერთდროული მატერიალური დახმარების გამოყოფის თაობაზე განკარგულება გასცა. ამის შესახებ ხუთშაბათს ოფიციალური მედიასაშუალებები იუწყებოდნენ.

მოცემული განკარგულება ითვალისწინებს, აგრეთვე, აღნიშნული დახმარების გამოყოფას დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა ან შემდგომში გარდაცვლილ ომის მონაწილეთა ქვრივებისთვის, ზურგში თავდადებული შრომისათვის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებული პირებისთვის.

კერძოდ, დიდი სამამულო ომის მონაწილეებისთვის გამოიყოფა ერთდროული მატერიალური დახმარება 1 ათასი მანათის ოდენობით, დიდ სამამულო ომში დაღუპულ მებრძოლთა ან შემდგომში გარდაცვლილ ომის მონაწილეთა ქვრივებს, იმ პერიოდში ზურგში თავდადებული შრომისათვის ორდენებითა და მედლებით დაჯილდოებულ პირებს, სპეცფორმირებების მუშაკებს, რომლებიც არმიისა და ფლოტის ინტერესების შესაბამისად ასრულებდნენ დავალებებს მებრძოლი ფრონტების ზურგში ან მებრძოლი ფლოტების ოპერატიულ ზონებში მეორე მსოფლიო ომის წლებში, ლენინგრადის დაცვისათვის შესაბამისი მედლით ან სამკერდე ნიშნით დაჯილდოებულ პირებს, აგრეთვე ლენინგრადის ბლოკადის მონაწილეებს კი 500 მანათი გამოეყოფათ.

მატერიალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, რომელიც აზერბაიჯანის 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშია გათვალისწინებული, 9 მილიონი მანათი გამოიყოფა.

riavesti.com