პოლიტიკა
პრემიერმა კვირიკაშვილმა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები ამერიკული საინვესტიციო ფონდებისა და ბანკების წარმომადგენლებს ნიუ-იორკში წარუდგინა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო, რეგიონში არსებული საფრთხეების მიუხედავად, ინარჩუნებს სტაბილურობას და  თანმიმდევრულად მიჰყვება ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. პრემიერმა ასევე ისაუბრა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე, რომლებიც საქართველოს ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანასთან და მეზობელ ქვეყნებთან აქვს.

 მისივე ინფორმაციით, 2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში 80 პროცენტზე მეტით გაიზარდა და 1,83 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ამერიკელ ინვესტორებს სთავაზობს დიდ შესაძლებლობებს და თავისუფალ, ღია ეკონომიკას.

 “საქართველო მართლაც განსაკუთრებული ქვეყანაა, რომელსაც აქვს მაღალი რეიტინგები, მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. აქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი საგადასახადო ტვირთი - ამ შედეგებს ადასტურებენ მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვ. რასაც, თავისთავად, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ინვესტიციების მოზიდვისთვის”, - განაცხადა პრემიერმა შეხვედრაზე.