საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად ნონა გაფრინდაშვილის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო

 საქართველო, 5 მაისი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე და წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრნენ.

 ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს 3 მაისს 75 წელი შეუსრულდა. ჭადრაკის სასახლის წინ ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ვარსკვლავი მის იუბილესთან დაკავშირებით გაიხსნა, მოგვიანებით კი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში საიუბილეო საღამო მოეწყო.

 გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს წევრებმა ნონა გაფრინდაშვილს იუბილე მიულოცეს და ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე  უსურვეს.

 საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე გამოჩენილი სპორტსმენები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

 ნონა გაფრინდაშვილი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელმაც საერთაშორისო დიდოსტატის წოდება ვაჟთა შორის მოიპოვა.

 იგი საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი და ვეტერანთა შორის მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია.