საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი მზად არის, თაბორის მთაზე მის მიერ შეძენილი 29 ჰა მიწა აჩუქოს მას, ვინც ამ ტერიტორიას მასზე უკეთ კეთილმოაწყობს და მოუვლის

 საქართველო, 6 მაისი, საქინფორმი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (დაფუძნებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც საწყისი კაპიტალის სახით 3 მლნ დოლარი შეიტანა) ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას: „3 მაისს, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი ქარსელაძის მიერ გამართულ ბრიფინგზე წარმოდგენილი იქნა ფონდის ხედვა და მიზნები 29 ჰა ტერიტორიის განვითარებასთან დაკავშირებით.

 საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მზად არის საჩუქრად გადასცეს საჯარო აუქციონის წესით მოპოვებული 29 ჰა მიწის ნაკვეთი თაბორის მთაზე, თუ ამ შეთავაზებიდან ერთი თვის განმავლობაში სხვა იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი იქნება უკეთესი პროექტი, ქ. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონის პირობების სრული დაცვით, რაც გულისხმობს:

 ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა; უზრუნველყოს არანაკლებ 50 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გათვლილი ავტოსადგომის მოწყობა; განახორციელოს მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.

 29 ჰექტარზე დამატებით, ფონდის მიერ გაჟღერებულ იდეაზე უკეთესი იდეის წარმომდგენ იურიდიულ პირს ასევე საჩუქრად გადაეცემა ზემოაღნიშნული ნაკვეთის მიმდებარედ არსებული 10 ჰა მიწის ნაკვეთიც“.