აქტუალური
ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლება დასრულდა

 საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. სწავლებისა და მისი ჩატარების მნიშვნელობის შესახებ შეფასებები გააკეთეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ, ასევე ლიტვისა და ნორვეგიის ელჩებმა გიედრიუს პუოჯუნასმა და ბარდ ივარ  სვენდსენმა.

 „JTEC არ არის მხოლოდ წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, რომელიც ეხმარება ქვედანაყოფებს საბრძოლო მზადყოფნისა და მომზადების განვითარებაში. მას წვლილი შეაქვს საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაშ“, - განაცხადა პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ.

 „ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მიმართ ნატოს სიმბოლური ვალდებულება. ეს, ასევე, გამოხატავს საქართველოს სიმბოლურ ვალდებულებას ალიანსთან თანამშრომლობის კუთხითაც. სამომავლოდ ჩამოყალიბდება უფრო ძლიერი ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს უფრო ეფექტიან სწავლებებს, ალიანსის წევრი ქვეყნების სამხედროები შეძლებენ, ჩამოვიდნენ საქართველოში და ისწავლონ ნატოს სტანდარტების შესაბამისად ქართველებთან ერთად, ქართულ მიწაზე“, - აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.