პოლიტიკა
შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა და ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოში ჯონ ქერის მოსალოდნელ ვიზიტზე იმსჯელეს

 საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ბრიჯიტ ბრინკმა გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორების შეფასებებსა და რეკომენდაციებს ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, მომავალი საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

შეხვედრაზე ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის სურვილზე, ეწვიოს საქართველოს და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება.

ყურადღება დაეთმო, ასევე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს.