აქტუალური
საქინფორმი: „ხიდაშელმა განაცხადა, რომ ნატო ქედს უხრის რუსეთს და უარს ამბობს საქართველოს მიღებაზე, სანამ ეს უკანასკნელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს!“

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ვარშავაში გერმანიის მარშალის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მისი ბოლო გამოსვლისას თინა ხიდაშელი ნატოს ვარშავის სამიტისგან თავის მოლოდინებზე ლაპარაკობდა და დაადანაშაულა ალიანსი სიცრუესა და ორპირობაში საქართველოს მიმართ და მოითხოვა „რუსეთის დასჯა უკანონობისთვის“.

 „2008 წელს ნათლად ითქვა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატოს წევრი ქვეყნები უპირობოდ, მაშინ არავის წამოუყენებია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პირობად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის აუცილებლობა. სამწუხაროდ, ბოლო დროს აქტიურად გვიყენებენ პირობებს ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, რაც თავიდან ნატო-საქართველოს ურთიერთობაში არ წარმოადგენდა განმსაზღვრელ ფაქტორს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არსებობს პრობლემა, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვამჩნევთ ან მასზე არ ვლაპარაკობთ - ეს არის რუსეთი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისეთი ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომლის წევრიც არ არის, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო. რუსეთი შემოიჭრა დამოუკიდებელ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილიც ოკუპირებული აქვს, როგორც მოხდა, მაგალითად, ყირიმის შემთხვევაში. როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია დამოკიდებულია აღნიშნული პრობლემების გადაჭრაზე, ამით მწვანე შუქს ვუნთებთ რუსეთს, რათა იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებდა მეზობელი ქვეყნების განვითარების შესაფერხებლად. როდესაც ვამბობთ, რომ ნატოში გაწევრიანებისთვის საჭიროა მოგვარდეს ტერიტორიული პრობლემები, ამით ვქმნით უარყოფით წრედს, რაც რუსეთს ბიძგს აძლევს, გაატაროს ჩვეული პოლიტიკა. სწორედ ასე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. ჩვენ ჯერ კიდევ 2008 წლის ომის შემდეგ ვსაუბრობდით აღნიშნულ საფრთხეებზე. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს პასუხს არ მოსთხოვენ ჩადენილი უკანონობისთვის, კიდევ უფრო მეტი გამოწვევის წინაშე დავდგებით, რისი ნათელი მაგალითიცაა უკრაინა“, – განაცხადა, კერძოდ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, რომელიც ნატოს ვარშავის სამიტის დასრულებისთანავე გადადგება და „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება.

 საქინფორმი: აუცილებლად აღსანიშნავია, რომ ალიანსს არასოდეს დაუმალავს, რომ გამონაკლისს არ დაუშვებს საქართველოს გამო – არ დაარღვევს თავისი წესდების მე–5 პარაგრაფს, სანამ ის თავის ტერიტორიულ პრობლემებს არ გადაწყვეტს, ანუ, არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რადგან რუსეთისთვის მათ ბრძოლით წართმევას საქართველო ვერ შეძლებს.

 ასე რომ, ნატო არ ცრუობდა, ცრუობდა თინა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე უმეტეს დროს ატარებდა საზღვარგარეთ მგზავრობაში, იღებდა უზარმაზარ სამივლინებო თანხებს, პრემიებსა და ხელფასებს და ირწმუნებოდა, რომ საქართველოს სადაცაა მიიღებდნენ ალიანსში.

 დღეს კი მოუსვენარმა რესპუბლიკელმა ხიდაშელმა თავდაცვის სამინისტროდან რიგით ოპოზიციონერად მისი წასვლის წინ, „შეცვალა პლასტინკა“ და ისევე, როგორც წასვლის წინ სააკაშვილი ამღერდა, დაიწყო ნატოს დადანაშაულება, რომელმაც თითქოსდა გაუცრუა საქართველოს მისი მოლოდინები...