საზოგადოება
პუტინმა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობა თავდაჯერებულობაში და საკუთარი ქვეყნისათვის გადამწყვეტი საკითხების მიმართ ზედაპირულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით ბრექსიტს გლობალური შედეგები ექნება, ხოლო უფრო მეტ მინუსს მოიტანს ეს თუ პლუსს, მომავალი გვიჩვენებს: "დიდი ბრიტანეთისთვის, მთლიანად ევროპისთვის და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ამას შედეგი მოჰყვება. და თუ ამ რეფერენდუმის ორგანიზება და დღეს მიღებული შედეგები სხვა არაფერია, თუ არა დიდი ბრიტანეთის ხელმძღვანელობის მხრიდან თავდაჯერებულობა და საკუთარი ქვეყნისა და მთლიანად ევროპისათვის გადამწყვეტი საკითხების მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება, მაშინ შედეგები გლობალური ხასიათისა იქნება".

 ვლადიმერ პუტინის თქმით, ამგვარი შედეგები გარდაუვალია. "ისინი პლუს ნიშნითაც იქნება და მინუსითაც”. მან დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ, კერძოდ, დაკავშირებულია ევროკავშირის სტრუქტურებში ძალაუფლების მაღალ კონცენტრაციასთან და ეროვნული საზღვრების მოშლასთან. “ევროპარლამენტის მიერ მიღებული სავალდებულო გადაწყვეტილებების რაოდენობა პროცენტული შეფარდებით მეტია იმ სავალდებულო გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც სსრკ უმაღლესი საბჭო იღებდა ხოლმე მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ ძალაუფლების კონცენტრაცია ძალზე მაღალია", - თქვა პუტინმა.

 "ვიღაცას მოსწონს ეს, ვიღაცას სურს ეროვნული საზღვრების მოშლის გზით სიარული, ვიღაცას კი - არა. დიდი ბრიტანეთის ქვეშევრდომთა უმეტესობას, რეფერენდუმის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ეს არ მოსწონს, ეს მათ ხელს არ აძლევს", - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.