საზოგადოება
ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვეტერანთა აქციის დაშლის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეტყობინებები გაუგზავნეს

araახალგაზრდული მოძრაობის – "არას" ხელმძღვანელის, ლევან ჩიტაძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები "არა" და "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვის ცენტრი", ასევე, საზოგადოებრივი მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს კვირის ბოლომდე ელოდებიან. რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, მისი თქმით, "ბუნებრივია, ისინი შეფასებებს ღიად არ გააკეთებენ, მაგრამ საკუთარ მთავრობებს აცნობებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამჯერად ღიად დაარღვია მის მიერვე შედგენილი საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ, მისი 25-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში არიან, უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ შეიკრიბოს, ხელისუფლებას კი შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო". ზემოაღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლები შემდგომი ნაბიჯების განსასაზღვრად თავად ვეტერანთა გადაწყვეტილებას ელოდებიან."ვეტერანებმა განაცხადეს, რომ დანებებას არ აპირებენ, ჩვენც მათ გადაწყვეტილებას ველოდებით", - განაცხადა ჩიტაძე.