აქტუალური
"თურქ პარტნიორებს ვაფრთხილებთ, რომ ისინი დემოკრატიული იდეალების ერთგულები დარჩნენ!" - მარკ ტონერი

 საქართველო, 20 ივლისი, საქინფორმი. ოფიციალურ ანკარას შეერთებული შტატებისთვის ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიციის მოთხოვნა არ გაუგზავნია. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯოშ ერნესტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 “ამ ეტაპზე ბატონი გიულენის ექსტრადიციასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური მოთხოვნა არ მიგვიღია. თუ მას მივიღებთ, მაშინ მოხდება შეფასება ექსტრადიციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელსაც შეერთებულმა შტატებმა და თურქეთმა 30 წლის წინ მოაწერეს ხელი. აქ ორი ფაქტორი იქნება გასათვალისწინებელი - შეესაბამება თუ არა მოთხოვნა იმ დანაშაულებებს, რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და პასუხობს თუ არა მტკიცებულებები შეთანხმებით დაწესებულ სტანდარტებს, - განაცხადა ჯოშ ერნესტმა.

 „თურქ პარტნიორებს ვაფრთხილებთ, რომ მომხდარის შემდეგ ისინი დემოკრატიული იდეალების ერთგულები დარჩნენ. კარგად გვესმის, როგორ აღიქვამენ ფეთჰულაჰ გიულენის როლს თურქეთის მთავრობა და ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი. თუმცა, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ამის შესახებ ინფორმაციას, ის კანონის დაცვით, მშვიდობიანად ცხოვრობს პენსილვანიაში“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა მარკ ტონერმა.

 ამ თემაზე გაამახვილა ასევე ყურადღება რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა დაგმო სამხედრო ამბოხის მცდელობა და თურქეთს ალიანსის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა.