საზოგადოება
„კვირიკაშვილთან მუშაობა შემიძლია, მაგრამ ამით ვერ ვამბობ იმას, რომ ეფექტიანად ვმუშაობთ...“ – მარგველაშვილი

 საქართველო, 21 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან და მოქმედ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან არსებულ ურთიერთობაზე გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა.

 მარგველაშვილი ამბობს, რომ მას კვირიკაშვილთან თანამშრომლობა გამოსდის, თუმცა არ მეგობრობენ. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, პრეზიდენტის თქმით, მასთან მუშაობა არ გამოსდიოდა.

 „ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე და არ ვჭორაობთ, რადგან ასეთია კვირიკაშვილი, ამ ადამიანთან შეიძლება ლაპარაკი საქმეზე. რა თქმა უნდა, მასთან უკეთესი საქმიანი ურთიერთობა მაქვს.

 მე არ მინდა, არჩევნების პროცესში მისი შეფასება გავაკეთო. რამდენად არის ის წარმატებული თუ ღარიბაშვილის 2 წელი იყო წარმატებული, ამას ხალხი განსაზღვრავს. პოლიტიკური საქმიანობის შეფასებას მე არ ვაპირებ.

 მე კვირიკაშვილთან მუშაობა შემიძლია, მაგრამ ამით ვერ ვამბობ იმას, რომ ეფექტიანად ვმუშაობთ-მეთქი. ეს არ მითქვამს. მის საქმიანობას ვინმე სხვა შეაფასებს”, - აცხადებს პრეზიდენტი.