პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი: „მინდა, შევახსენო პაპუაშვილს, რომ პროკურატურა აღმასრულებელ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ინსტიტუცია არ არის“

 საქართველო, 28 ივლისი, საქინფორმი. ცოტა უცნაური მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი არ მიდის პროკურატურაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე აუცილებლად შევხვდები მას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთ საქართველოში წინასაარჩევნო წარდგინებები დაასრულა და ის გიორგი პაპუაშვილს შეხვდება.

 „მინდა, შევახსენო პაპუაშვილს, რომ პროკურატურა არ არის აღმასრულებელ ხელისუფლებას დაქვემდებარებული ინსტიტუცია, ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია... რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და აბსოლუტურად ვგრძნობთ ამას,  თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მიზანმიმართულად ქმნიან შთაბეჭდილებას, რომ პროკურატურას მართავს აღმასრულებელი ხელისუფლება. ეს ასე ნამდვილად არ არის, არც უნდა იყოს, ეს იყო წარსულში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.