პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 26% მხარს უჭერს საქართველოს პრორუსულ პოლიტიკას, ხოლო 48% - პროდასავლურს, მაგრამ რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებით

 საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკვლევის მიხედვით, მოსახლეობის 20%-ს მიაჩნია, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა პრორუსული უნდა იყოს, თუმცა ევროკავშირთან და ნატოსთან კარგი ურთიერთობა უნდა იქნეს შენარჩუნებული.

 ამასთან, რესპონდენტების 48% მხარს უჭერს პროდასავლურ საგარეო პოლიტიკურ კურსს, მაგრამ იმ პირობით, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა იქნება შენარჩუნებული. მხოლოდ პრორუსული კურსის მომხრეა გამოკითხულთა 6%, ხოლო მხოლოდ პროდასავლურის - რესპონდენტთა 13%.

 რესპონდენტთა 29%- მიაჩნია, რომ "საქართველოსთვის უფრო სასარგებლო იქნება, თუ რუსეთთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე". გამოკითხულთა 53%-ს კი პირიქით - მიაჩნია, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისაგან. ამ მოსაზრებათაგან არცერთს არ ეთანხმება რესპონდენტთა 8%.

 NDI-ს გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 72%-სათვის მისაღებია საქართველოს ევროკავშირში წევრობა, 16%-სათვის ეს მიუღებელია. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მომხრეა 64%, ხოლო 26% - წინააღმდეგია.

 რესპონდენტთა 64% მხარს უჭერს საქართველოს წევრობას ნატოში, ხოლო 22% - ამის წინააღმდეგია.

 გამოკითხვა ჩატარდა გამოკვლევის "საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში" ფარგლებში 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისამდე. გამოკითხული იქნა 4113 ადამიანი, ცდომილება - 2,1%.