საზოგადოება
„საქართველოში არავინ იდევნება და თავშესაფრის მსურველებს არაკეთილსინდისიერი მიზნებით გერმანიაში დარჩენის ცრუ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ“ – მარკუს ულბიგი

 საქართველო, 31 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში თავისი მეორე სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

 ვიზიტის ფარგლებში შს მინისტრმა ქართულ დელეგაციასთან ერთად პირველი შეხვედრა დრეზდენში, საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრ მარკუს ულბიგთან გამართა. შეხვედრას საქსონიის პოლიციის პრეზიდენტი იურგენ გეორგიც ესწრებოდა.

 შეხვედრაზე საქსონიის ფედერალური მიწის შს მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის ფორმატში სამომავლო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრა. როგორც მარკუს ულბიგმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური ან სხვა ნიშნით არავინ იდევნება. შესაბამისად, „თავშესაფრის“ მიღების მსურველებს არაკეთილსინდისიერი მიზნებით გერმანიაში დარჩენის ცრუ მოლოდინი არ უნდა ჰქონდეთ.

 შეხვედრის შემდეგ გიორგი მღებრიშვილმა და მარკუს ულბიგმა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქსონიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის განზრახვის თაობაზე ერთობლივ განცხადებას“ მოაწერეს ხელი.