პოლიტიკა
„ოკუპანტების მიერ აღმართული მავთულხლართები და გამყოფი კონსტრუქციები ერთმანეთს აშორებს ქართულ ოჯახებსა და თემებს“ - პრემიერი კვირიკაშვილი

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ქვეყნის 20 პროცენტი დღესაც ოკუპირებულია უცხო ქვეყნის ჯარების მიერ. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 "მე ვგმობ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სახელმწიფო დუმას არჩევნების ჩატარების ფაქტს, როგორც მოსკოვის მხრიდან ანექსიისკენ გამიზნული პოლიტიკის ფარგლებში გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს. ყველაფერი ეს კი ხდება საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეზღუდული საქმიანობის ჩათვლით, რომელსაც უარი ეთქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლაზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 "ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ისეთი ურთიერთობის დამყარებას, რომლის ფარგლებშიც რეალური მუშაობა იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შედეგებს დაძაბულობის შემსუბუქების კუთხით, თუმცა, საქართველოს ყველა ნაბიჯს ჯერ არ მოჰყოლია საპასუხო მოქმედება. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული შეთანხმების პირობების დარღვევას.ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზებით, საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.