სამართალი
პროკურატურამ საქართველოს შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს – ოდესის ამჟამინდელ პოლიცმაისტერს გია ლორთქიფანიძეს ბრალდებები წაუყენა

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 „გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მომიტინგეების დარბევა და მათი მასობრივი დაკავება, შს ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის ბრძანებით დაევალა მის მოადგილეს გიორგი ლორთქიფანიძეს.

 2011 წლის 25 მაისს პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი და მის მიმდებარედ არსებული ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა  და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ გიორგი ლორთქიფანიძე და დავით ახალაია.  დასახელებულ პირთა მეთაურობით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა გაუმართლებლად არათანაზომიერი და გადაჭარბებული ძალა. შედეგად გარდაიცვალა ორი ადამიანი, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო 250-მა ადამიანმა, უკანონოდ დაკავებული იქნა 800-მდე მომიტინგე (ვიდეო იხ. აქ).

 ვინაიდან გიორგი ლორთქიფანიძე თავს არიდებს გამოძიებას, დაუსწრებლად გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასევე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად გ. ლორთქიფანიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით", - აღნიშნულია განცხადებაში.

 როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, ამჟამად გია ლორთქიფანიძე უკრაინაში – ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ექსპრეზიდენტის, დღეს კი ძებნაში მყოფი სისხლის სამართლის დამნაშავე მიხეილ სააკაშვილის მფარველობის ქვეშ იმყოფება. 2015 წლის ივნისში ლორთქიფანიძე უკრაინის შსს ოდესის ოლქის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა.