აქტუალური
აშშ-ის სენატმა 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც “რუსეთის აგრესიის“ წინააღმდეგ ბრძოლის პუნქტით საქართველოს მხარდაჭერაც არის გათვალისწინებული

 საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო მიზნებზე 602 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. თანხის დიდი ნაწილი – თავდაცვის სამინისტროს, დანარჩენი კი ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოუსაფრთხოების პროგრამების ხარჯებისთვის გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ევროპაში რუსეთის აგრესიის შესაკავებლად წინა წელთან შედარებით ოთხჯერ მეტი თანხაა გათვალისწინებული. როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა სენატში გამოსვლისას აღნიშნა, პენტაგონი იძულებული გახდა, რუსეთის აგრესიასთან ბრძოლა თავდაცვის სტრატეგიის მთავარ კომპონენტად ექცია.

რუსეთის აგრესიის შეკავებაზე 2017 წლის ბიუჯეტში 3,4 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული. თანხა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ძალების განთავსებას მოხმარდება, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას დახმარებას. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ვაშინგტონი ნატოს პარტნიორებსა და მოკავშირეებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას გაუწევს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება.