რელიგია
ილია მეორემ სვეტიცხოვლობა განსაკუთრებით მიულოცა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, აფხაზებს, ოსებს და რუსებს

  საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – სვეტიცხოვლობა მიულოცა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 „მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში. უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენ მადლს, ამდენ კურთხევას, მოჰკითხავს ყოველ ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხში განმტკიცდეს მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება“, – განაცხადა პატრიარქმა.

 ილია მეორემ განსაკუთრებით მიულოცა სვეტიცხოვლობა უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს, ასევე აფხაზებს, ოსებს, რუსებს და ყველას, ვინც საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოვიდა.

 პატრიარქმა მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი გიორგი ბასილაია, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდა.

 ამასთან, კათოლიკოს-პატრიარქმა პრემიერ-მინისტრს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.

 „ჩვენ ვულოცავთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა, მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდი დამსახურება, ბატონო გიორგი“, – განაცხადა პატრიარქმა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში.