აქტუალური
გიორგი აბაშიშვილი: „პრემიერის განცხადება თავისი სულისკვეთებითა და არსით საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ წარმოქმნილ უამრავ სპეკულაციას ასრულებს“

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 „პრეზიდენტმა გადაწყვიტა, პრემიერის ძალიან კარგი ინიციატივის საფუძველზე შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია ექნება; ეყოლება სამი თანათავმჯდომარე - პრეზიდენტი, მომავალი პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის მომავალი თავმჯდომარე. ასევე, ამ ჯგუფის საქმიანობაში უმაღლეს დონეზე  ჩაერთვება ვენეციის კომისია“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

 როგორც მან აღნიშნა, კომისიის საქმიანობისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ასპექტი -  ლეგიტიმაცია, ფართო კონსენსუსი და ეფექტიანობა, რადგან ამ სამი პრინციპის გარეშე კომისიის ეფექტიანი ფუნქციონირება შეუძლებელია.

 „რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ამ თემის წამოწევის ვერანაირ საჭიროებას ვერ ვხედავ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ჩართულობა, რომ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება სადისკუსიო მოედანზე გამოვიდეს, კვალიფიციურად იქნეს განხილული და გადაწყვეტილი. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიაზროს საკითხის არსი და იმოქმედოს არა ვიწრო პარტიული ინტერესებიდან, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.