პოლიტიკა
IRI–ს პრეზიდენტი “პატრიოტთა ალიანსმა“ შეაშინა: „8 ოქტომბრის არჩევნები ქართული დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა პრორუსული ძალის წარმატება განგაშის ზარია!“

  საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ასე აფასებს "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან საუბარში 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს აშშ–ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი მარკ გრინი, რომლის დირექტორიც სენატორი არიზონას შტატიდან ჯონ მაკკეინია.

 ყოფილი კონგრესმენი მიიჩნევს, რომ “ღიად პრორუსული ძალის“ პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია.

 "პრორუსული პარტიის პარლამენტში მოსვლას ვხედავ, როგორც გამოწვევას დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის! (მხედველობაში ჰყავს „პატრიოტთა ალიანსი“, რომელმაც 5–პროცენტიანი ბარიერი გადალახა – საქინფორმი). ახლა პროტესტის და ერთმანეთისკენ თითის გაშვერის დრო არ არის. ახლა დემოკრატიულმა ძალებმა უფრო ძლიერი იდეების წარმოჩენა და ამომრჩევლებამდე მიტანა უნდა შეძლონ".

 გრინის თქმით, დროა, იმ პოლიტიკოსებმა, ვინც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მსგავსად, ქვეყნის დასავლურ სწრაფვას ემხრობა, "ამომრჩევლებს შეახსენონ, თუ რატომ აირჩია საქართველომ ეს გზა. აუხსნან, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი, ქვეყანამ შეინარჩუნოს კურსი ევროპის კავშირისკენ და ნატოსკენ. ჩემთვის ამ არჩევნების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ეს არის - ეს განგაშის ზარია, რომ უბრძოლველად არაფერი მოდის"...