უცხოეთი
საქინფორმი: საქართველოს 48000 მოქალაქისგან საზღვარგარეთ ხმა მისცა მხოლოდ 4816–მა ამომრჩეველმა, უმრავლესობამ – „ქართულ ოცნებას“ – 1862 ხმა, „ნაცმოძრაობამ“ 1582 ხმა მიიღო

  საქართველო, 24 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ცესკოს მონაცემებით, 2016 წლის 8 ოქტომბერს საქართველოში ჩატარებულ საქარლამენტო არჩევნებში უკრაინაში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობამ ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულ საქართველოს“. სულ 3 საარჩევნო უბანზე უკრაინაში (2 – კიევში, 1 –ოდესაში), საქართველოს ამჟამინდელ მმართველ პარტიას ხმა მისცა 105–მა ამომრჩეველმა, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ ექსმმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კი 92–მა ამომრჩეველმა.

 ოდესაში საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ – 33 ამომრჩეველმა ხმა მისცა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ქართულ ოცნებას“ კი მხოლოდ 2–მა ამომრჩეველმა.

 კენჭისყრა მსოფლიოს 40 ქვეყანაში გაიმართა. დაახლოებით 48000 ამომრჩევლიდან ხმა მისცა სულ 4816–მა ადამიანმა. საზღვარგარეთ ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ“ მიიღო – 1862 ხმა. მას მოსდევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“1582 ხმით.

 თუმცა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგო აზერბაიჯანში, აშშ–ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ისრაელში, კვიპროსზე, ყატარსა და ჩეხეთში.