საზოგადოება
ირაკლი შოთაძე: მოქალაქეებს ვპირდები, რომ მთავარ პროკურატურაში შემოსულ თითოეულ განცხადება-საჩივარზე სრულყოფილ, ეფექტურ რეაგირებას მოვახდენთ

  საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გადაცემა 2030-ში განაცხადა.

 „ამ ეტაპზე უკვე ქონების უკანონოდ ჩამორთმევის 47 დანაშაულებრივი ეპიზოდია გამოძიებული. 85 მოქალაქე დაზარალებულადაა ცნობილი და მათ მიმართ სახელმწიფოს მხრიდან 18 მილიონამდე ლარის ღირებულების ქონებაა დაბრუნებული. ეს პროცესი არ შეჩერდება და მოქალაქეებს ვპირდები, რომ მთავარ პროკურატურაში შემოსულ თითოეულ განცხადება-საჩივარზე სრულყოფილ, ეფექტურ რეაგირებას მოვახდენთ“, - განაცხადა შოთაძემ.

 მისი თქმით, მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს 16  განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა, სასამართლომ კი 2 ფაქტზე გამამართლებელი განაჩენი უკვე გამოიტანა.

 „თუ პროკურატურის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებზე სასამართლო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, პროკურატურის მტკიცებულებებს გაიზიარებს, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე იტყვის, რომ განაჩენები გადასასინჯია და  მსჯავრდებულებს გაამართლებს, პროკურატურა ამ საქმეებზე კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხზე იმსჯელებს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.