რედაქტორისგან
მე, ქართველი ჟურნალისტი არნო ხიდირბეგიშვილი, მზად ვარ, დაღუპული რუსი კოლეგების ნაცვლად სირიაში გავემგზავრო

  “სირცხვილი იმ ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომლებსაც ეროვნული გლოვის დღეს რუსი ხალხისთვის თანაგრძნობის ორიოდე სიტყვაც არ მოეძებნათ!”

 დახმარებისთვის მივმართავ რუსეთის ფედერაციის ყველა შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს:

 მე, ქართველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, ქართული საინფორმაციო სააგენტო “საქინფორმის” მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი, მზად ვარ, დღესვე გადავფრინდე ლატაკიაში, ალეპოში და სირიის ნებისმიერ სხვა ქალაქში, რათა 25 დეკემბერს დაღუპული ჩემი რუსი კოლეგების - “პირველი არხის”, НТВ-ს, «ზვეზდას” ჟურნალისტების ნაცვლად იქიდან რეპორტაჟები გავაკეთო.

 ამით ჩემს ჟურნალისტურ მოვალეობას შევასრულებ და მათ ხსოვნას პატივს მივაგებ. მოვუწოდებ მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებს, თუ ჩემთან ერთად არ გამოფრინდებიან, სირიის შესახებ სიმართლე მაინც წერონ!

 ამით მინდა, ვალის მცირე ნაწილი მაინც დავუბრუნო ბაბუას - დიდ სამამულო ომში დაღუპულ ფრონტელს, და ალექსანდროვის ანსამბლს, რომელმაც ის ბრძოლაში გააცილა. დღეს ისინი ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ უკვე არა გამარჯვების აღლუმზე, არამედ სამოთხეში...

 მე, როგორც ქართველი, ვალდებული ვარ, დავუბრუნო ვალი რუს ჯარისკაცს - განმათავისუფლებელს, რომელმაც 75 წლის წინ მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნა, დღეს კი ტერორისტებისგან იცავს. დარწმუნებული ვარ - რუსეთი რომ არა, დღეს ისლამური სახელმწიფო თბილისში იქნებოდა.

 სირცხვილი იმ ქვეყნების ხელმძღვანელებს, რომლებსაც ეროვნული გლოვის დღეს რუსი ხალხისთვის თანაგრძნობის ორიოდე სიტყვაც არ მოეძებნათ! მინდა, ვუთხრა სახედაკარგულ ქართველ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, რომლებიც ტუ-154-ის ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერნეტში გლოვობდნენ ბერლინში მომხდარ ტერაქტს და გერმანიის საელჩოსთან ყვავილებით ხელში რიგს იკავებდნენ: დღეს თქვენ უფრო ამაზრზენად გამოიყურებით, ვიდრე ის არამზადა, რომელმაც საშობაო ბაზრობაზე ადამიანები სატვირთო მანქანით გადათელა! თქვენ იმ ნაძირალაზე უარესი ლაჩრები ხართ, რომელმაც ნამდვილ მამაკაცს - ელჩ კარლოვს ზურგში ესროლა! მშობლებმა განათლება მოგცეს, მაგრამ კავკასიური ტრადიციები არ გასწავლეს, რომელთა მიხედვით მწუხარება მოსისხლე მტრებსაც კი არიგებს, ხოლო თუ მტრის სახლში უბედურება შეაბიჯებს, ქრისტიანი ვალდებულია, მიუტევოს და პანაშვიდზე მივიდეს!

 მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ხალხი ისე არ ფიქრობს, როგორც მისი პოლიტიკოსები, რომლებიც ბრძანებით ტირიან და იცინიან! სახალისო სანახავი იქნება, ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ დანიშნული აშშ-ის ახალი ელჩისგან საპირისპირო ინსტრუქციების მიღებისთანავე როგორ გაიქცევიან ისინი რუსეთის კვლავ გახსნილი საელჩოსკენ - “ურთიერთობის მოსაგვარებლად”...

 P.S. რუსეთის ფედერაციის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოებისგან პასუხს ველოდები (ამ მიმართვაზე დართული ფოტო დღეს არის გადაღებული, შეგიძლიათ, ის ჩემი ჟურნალისტური აკრედიტაციისთვის გამოიყენოთ).

 სირიის შემდეგ კი დამეხმარეთ, რომ დონეცკში მოვხვდე, სადაც უკანასკნელად იმყოფებოდა ექიმი ლიზა.

2016 წლის 27 დეკემბერი
საქართველო, თბილისი