საზოგადოება
შლაგბაუმი მელიქ არამიანცის ეზოში ავადმყოფთა მკურნალობის ნაცვლად – ჯანდაცვის მინისტრი რამდენიმე კლინიკას ბოლო გაფრთხილებას აძლევს

  საქართველო, 19 იანვარი, საქინფორმი. საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ტალღის დაწყების პარალელურად, დავით სერგეენკო წამყვან კლინიკებს შენიშვნებს აძლევს.

  მინისტრის განცხადებით, ცალკეული მსხვილი სამედიცინო დაწესებულებები სახელმწიფოს მიერ გადარიცხულ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავენ.

  "როდესაც ერთ-ერთ დიდ კლინიკურ გაერთიანებას თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრო უმორჩილესად სთხოვს, რომ ეზო მოაწესრიგოს (ჯანდაცვის მინისტრს მხედველობაში ჰქონდა თბილისელი მეცენატის მელიქ არამიანცის მიერ ქალაქისთვის საჩუქრად აშენებული ყოფილი საქალაქო საავადმყოფოს ტერიტორიაზე განთავსებული ათობით კლინიკა, თუმცა ხმამაღლა არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელ კლინიკებს გულისხმობდა – საქინფორმი) მათგან ვისმენთ, რომ აბა, როგორ მოვახერხოთ, სამაგიეროდ, შესასვლელში შლაგბაუმი, რომელიც, ალბათ, ყველაზე უფრო გამართული აპარატია კლინიკაში, მჯერა, რომ ამ შლაგბაუმით შემოსავლებს დიდი წარმატებით ინაწილებენ. ეს აჩვენებს კლინიკების დამოკიდებულებას სახელმწიფოსადმი", - აღნიშნა სერგეენკომ.

  „იკვეთება კლინიკები, ჩვენ მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირ ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ, ექიმების, ექთნების და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტებს. ჩვენ ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ და გააფრთხილა, რომ ეს კლინიკები შესაძლოა საყოველთაო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამიდან ამოიღონ.