რედაქტორისგან
“ცერცვაძე - დაქირავებული მებრძოლია, მამლუქი, რომელზეც ქართული სახელმწიფო პასუხს არ აგებს” - არნო ხიდირბეგიშვილი

  სააკაშვილის დროს საქართველოს შსს-ს სოდ-ის სპეცრაზმის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე, გადადგომისა და დონბასში “ქართული ლეგიონის” შემადგენლობაში ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციაში მოხალისედ მონაწილეობის შემდეგ, ქართველი ოფიცერი არ გახლავთ - ის სტატუსით ჩვეულებრივი დაქირავებული მებრძოლია, ისეთივე, როგორიც აწ განსვენებული ყოფილი ქართველი პოლიციელი მეტსახელად “დობერმანი”, რომელიც ბატალიონ “დონბასში” იბრძოდა. ეს მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, დღეს დაქირავებულ მებრძოლეებს ყველაზე მეტს ისლამური სახელმწიფო უხდის, საუკეთესო იღბლის ჯარისკაცებს კი “ფრანგული ლეგიონი” ამზადებს. რაც შეეხება საქართველოს, ისტორია მოწმობს, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ქართველ დაქირავებულ მეომრებზე - მამლუქებზე, ძირითადად მხედრიონზე - მათი საბრძოლო ოსტატობის გამო განსაკუთრებული მოთხოვნა იყო სხვადასხვა აღმოსავლელი მმართველის მხრიდან.

  ანუ, დაქირავებულის სტატუსიდან გამომდინარე, ცერცვაძის ქმედებებზე და ბედზე საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება პასუხისმგებელი არანაირად არის - ის თვითონ აგებს პასუხს საკუთარ თავზე, თავის რისკზე შოულობს ფულს მკვლელის პროფესიით, რომელსაც ფლობს. ნებისმიერი სხვა ინსინუაცია, როგორიცაა - “უკრაინაში რუსეთთან ბრძოლით ის საქართველოსთვის იბრძვის!” - ცრუ მოძველებული პიარია, რომელიც პირველად სააკაშვილმა მოიფიქრა ნატოს ISAF-ის ოპერაციებში ქართული კონტინგენტის გაგზავნის გასამართლებლად, სადაც ქართველები ერაყსა და ავღანეთში “საქართველოსთვის” იბრძოდნენ და იბრძვიან. რაც შეეხება სასაცილო კიევურ ფორმირებებს, ისინი ვერასოდეს მიაყენებენ მნიშვნელოვან ზიანს დონბასის თავდაცვის ძალებს, რომლებიც რუსეთის მხარდაჭერით სარგებლობენ, და მითუმეტეს - ვერ დაასუსტებენ რუსულ არმიას იმდენად, რომ საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ბაზებს შეუტიოს და ეს ტერიტორიები დაიბრუნოს!

  ზემოთქმულიდან გამომდინარე, “სამშობლოს ღალატში” სააკაშვილის ბრალდების პასუხად (ვითომდა სამხრეთ ოსეთსა და უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართველ სამხედროთა მონაცემების  რუსეთისთვის გადაცემაში) თავის მართლება საქართველოს მთავრობის მხრიდან არასწორი იყო. ისევე, როგორც განცხადება, რომ “საქართველო არ გადასცემს თავისიანებს ქვეყანას, რომლის სამხედრო ბაზები მის ტერიტორიაზეა განლაგებული”. ჯერ გასარკვევია, უნდა ჩათვალოს თუ არა საქართველომ ცერცვაძე “თავისიანად”... აქ იგულისხმება არა ცერცვაძის წარმომავლობა, რომელიც უკრაინაში დაიბადა და გაიზარდა და შემდეგ იქვე დაბრუნდა, არამედ მისი პასუხისმგებლობა კანონის წინაშე.

  სამშობლოს წინაშე ფიცის დადებისას მეომარი მზად უნდა იყოს, შეასრულოს სარდლობისა და უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება - ომში სხვების მოსაკლავად წავიდეს. ბრძოლაში მას სამხედრო კაპელანი აცილებს, ამიტომ პირველი მცნებით გათვალისწინებული მკვლელობის ცოდვა ამ შემთხვევაში დანაშაული არ არის არც ღვთის და არც სისხლის სამართლის კოდექსის წინაშე. მაგრამ თუკი ინტერპოლმა, რომელმაც პრეზიდენტ სააკაშვილის ძალოვანი უწყებების ყოფილ ხელმძღვანელებზეც კი წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებაზე უარი თქვა, და ამ დროს ცერცვაძე იმავე ცირკულარით ძებნილად გამოაცხადა, მაშასადამე, არსებობს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი უტყუარი სამხილები, რომლებიც ცერცვაძის მიერ ჩადენილ სერიოზულ სისხლის სამართლის დანაშაულზე მეტყველებს, ოფიციალურ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა კი ასეთად არ ითვლება.

  და ეს უტყუარი სამხილები, რომლებიც ინტერპოლისთვის საკმარისი არგუმენტი აღმოჩნდა, უეჭველია, საქართველოს ხელისუფლებისთვისაც ცნობილია, ამიტომ ისინი უნდა გასაჯაროვდეს, რათა ქართველმა ხალხმა თვითონ იმსჯელოს: ცერცვაძე გმირია თუ ბოროტმოქმედი, მკვლელი, კილერი და ტერორისტი. თუ - მეორე, მაშინ ის საქართველოსთვის “თავისიანად” ვერ ჩაითვლება.

  ხოლო რაც შეეხება სააკაშვილისა და ნაციონალებისთვის შეხსენებას, როგორ ხოცავდნენ ისინი ქართული არმიის ნაღებს - გმირებს პოლკოვნიკ თეთრაძეს და გენერალ კრიალაშვილს, ვეტერანებს, 2008 წლის აგვისტოში როგორ დაუტოვეს ღორებს საჯიჯგნად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ასობით გვამი, რომლებიც იქიდან მუხათგვერდის სასაფლაოზე დასაკრძალად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერებმა გამოიტანეს, პრემიერ კვირიკაშვილის მხრიდან სწორი საქციელი იყო.

  გარდა ამისა, აუცილებლად უნდა იქნეს გასაჯაროებული ყველა მონაცემი საქართველოში ცერცვაძის საქმიანობის შესახებ – რომელ სპეცდავალებებს და ვისი დაკვეთით ასრულებდა, რომელ მიტინგებს და როგორ არბევდა? იქნება მის შემდეგ აღარ იქნეს საჭირო მისი რუსეთში ექსტრადირება, იმიტომ, რომ მისით დაგვიანებით დაინტერესდება ქართული მართლმსაჯულება?!

  მომავალში კი, თუ ვინმე თავის გვარს აღმოაჩენს ინტერპოლის წითელ ცირკულარში, დაე ამაში არა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, არამედ საკუთარი სიხარბე, უჭკუობა და სააკაშვილი დაადანაშაულოს, რომელმაც ისინი უკრაინაში საკუთარი კარიერის გამო გადაიბირა, ყველა თანამდებობიდან სამარცხვინოდ გადადგომის შემდეგ კი გამოყენებული პრეზერვატივივით გადააგდო...

 „საქინფორმისმთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 30 იანვარი