რელიგია
წმიდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ახლად შერაცხილი წმინდანისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

  საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. 2017 წლის 31 იანვარს წმიდა ტიხონის სახელობის მართლმადიდებლურ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ახლად შერაცხილი წმინდანის,  ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელი-სალოსისადმი (გოდერძი ურგებაძე) მიძღვნილი საღამო გაიმართა.

  შეხვედრა მართლმადიდებლური ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორის, დეკანოზ ვლადიმირ ვორობიოვის შესავალი სიტყვით გაიხსნა. შეკრებილთ მიმართა, აგრეთვე, სტარიე გრუზინის წმინდა მოწამე გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ფიოდორ კრეჩეტოვმა. გაიმართა დოკუმენტური ფილმის “ბერის დიადემას” ჩვენება, რომელიც წმინდანის ცხოვრებასა და სასწაულებზე მოგვითხრობს. ფილმზე მუშაობის შესახებ მისმა წამყვანმა კონსტანტინე ცერცვაძემ ისაუბრა. ღონისძიება წმინდა გიორგის ტაძრის გუნდის კონცერტით დასრულდა.

  საღამოში მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებელთაშორის ურთიერთობათა საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების სამდივნოს თანამშრომელმა ვლადიმირ ალექსანდროვმა.

***

 ღირსი მამა გაბრიელი (ურგებაძე) საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და მონასტერში მოღვაწეობდა. ის ნებაყოფლობით დაადგა სალოსობის გმირულ გზას და საკუთარ ღირსებებს მალავდა. ბევრი ადამიანისთვის, მათ შორის, სამთავროს დედათა მონასტრის მონაზვნებისთვის, ის ჭეშმარიტ სულიერ მამად იქცა. წმინდანი 1994 წლის 2 ნოემბერს აღესრულა. 2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი წმინდანად შეირაცხა წმ. ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსის სახელით.

წმ. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში.