სამართალი
ციანიდი პატრიარქისთვის - ნეონაციონალები - გენპროკურორი შოთაძის, რეტრონაციონალები კი პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას ითხოვენ

   საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. ე.წ. ციანიდის საქმეზე არათანმიმდევრული განცხადებების გამო მთავარი პროკურორის გადაყენებას ითხოვს “მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო”.

ოპოზიცია შოთაძის გადაყენების მოთხოვნით პარლამენტში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. პროცედურის დასაწყებად მათ 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდებათ.

ვიწყებთ მიმართვებს სადისციპლინო კომიტეტისადმი, საპროკურორო სადისციპლინო საბჭოსადმი, რომ დაიწყოს შესწავლა მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულის სავარაუდო ნიშნების ან დისციპლინური გადაცდომის არსებობის შესახებ, რომლის ლოგიკური დასასრულიც უნდა იყოს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომა, - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი აბესაძემ.

მხოლოდ მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას არასაკმარისად მიიჩნევს “ნაციონალური მოძრაობა”.

„შოთაძე არის ნომინალური გენპროკურორი, იქ სიტუაციას რეალურად მართავს ფარცხალაძე, და ისიც რომ იყოს გენერალური პროკურორი, უნდა დადგეს პასუხისმგებლობა არა გენერალური პროკურორის, არამედ კვირიკაშვილის და არაფორმალური მმართველის, რომელმაც გასცა ის დავალება, რომ პროკურატურას ასეთი ორაზროვანი და მიზანმიმართულად დამაბნეველი მესიჯები გაეგზავნა საზოგადოებისთვის, რომ შეცდომაში შეეყვანა საზოგადოება და ისრები გადაეტანა პატრიარქისკენ. ასე რომ, უნდა დადგეს პასუხისმგებლობა არა შოთაძის, არამედ თავად ივანიშვილის“, - აცხადებს თინა ბოკუჩავა.