რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: უვიზო რეჟიმი სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის პირობით საქართველოს პირველად ლავროვმა კი არა, პუტინმა შესთავაზა 2013 წელს

   “რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების პირობა ორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის აღდგენაა”, - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა 2017 წლის 19 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მუშაობის დროს. რუსმა მინისტრმა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის აღდგენის შესაძლებლობას “რთული საკითხი” უწოდა და განმარტა, რომ თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში ამაზე მსჯელობა “ცოტა უცნაურია”,  ვინაიდან “ეს უკავშირდება უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას, როდესაც არა მარტო ცენტრალური აზია, არამედ ამიერკავკასიაც ხდება მარშრუტი, რომლის გამოყენებას ბოევიკები და ექსტრემისტები ცდილობენ”.

რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის კონსტრუქციული და ობიექტური განცხადება საქართველოში კიდევ ერთხელ გამოიყენეს ანტირუსული პროპაგანდისათვის, თანაც როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

გარდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის მორიგე “გამოხდომებისა” - “არანაირ თანამშრომლობაზე და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე ლაპარაკიც ზედმეტია, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას უკან არ გაიწვევს”, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მმართველი პარტია “ქართული ოცნებიდან” თამარ ჩუგოშვილმა ლავროვის განცხადება რუსეთის მხრიდან “პროვოკაციად” შეაფასა, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ უარყო ლავროვის განცხადება „არგუმენტით“, რომ “გასულ წელს საქართველოში რუსეთიდან მილიონი ტურისტი ჩამოვიდა” - აქაოდა, აი, რამდენად უსაფრთხოა აქაურობა, რუსეთს კი არ აწყენს, საკუთარ თავს მიხედოს, რადგან ჩვენი მონაცემებით, თვით რუსეთიდან სირიასა და ერაყში გასულია რუსეთის დაახლოებით 2 000 მოქალაქე”.

და რაღა თქმა უნდა, შანსი ხელიდან არ გაუშვა საპარლამენტო ოპოზიციამ, რომელმაც მოქმედი ხელისუფლება “კრემლის ინტერესების ხელშეწყობაში” დაადანაშაულა და საქართველოსა და რუსეთის ძალოვანი სტრუქტურების შესაძლო თანამშრომლობა ახსნა სურვილით, “რუსეთის მოთხოვნით, პირდაპირ გადასცენ მას აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და დონბასში მებრძოლი ქართველი სამხედროები”, როგორც ამ ცოტა ხნის წინ “გასცა”კიევში ინტერპოლის ცირკულარით დაკავებული პოლკოვნიკი ცერცვაძე, რომელიც უკრაინის სამხრეთში ანტიტერორისტულ ოპერაციაში (АТО) მონაწილეობდა.

ამ და მსგავსი რუსოფობიური ინსინუაციების აღსაკვეთად მინდა, შეგახსენოთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება ორი ქვეყნის სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლობის პირობით პირველად არა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, არამედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შემოგვთავაზა თითქმის 4 წლის წინ - 2013 წლის ივნისში, სოჭის ზამთრის ოლიმპიადამდე 6 თვით ადრე. ევრომაიდანი კი 2013 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყო, ხოლო АТО - კიდევ უფრო გვიან, ამიტომ მასში მონაწილე დაქირავებული ქართველი სამხედროები უკრაინაში პუტინის განცხადებიდან ბევრად უფრო გვიან გამოჩნდნენ. რაც შეეხება რუსეთის ჰიპოთეტურ სურვილს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველი მებრძოლები დასაჯოს, ამ მოვლენებიდან ლავროვის განცხადებამდე, შესაბამისად, 14 და თითქმის 9 წელი გავიდა, ამიტომ ეს ვერსიაც ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.

2013 წლის ივნისში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებით RT-ის კორესპონდენტ სოფო შევარდნაძის შეკითხვის პასუხად, ვლადიმერ პუტინმა შემდეგი განაცხადა: “თუ ჩვენ (რუსეთი და საქართველო - რედ.) მართლაც ერთობლივად ვიმუშავებთ დამნაშავეობის წინააღმდეგ, ტერორის წინააღმდეგ, მაშინ ეს შესაძლებელია.

ალბათ, დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ, რომ კავკასიიდან ჩვენთან გამუდმებით შემოედინებიან ტერორისტული ელემენტები. შემოედინებოდნენ... და საქართველოს ტერიტორიაზე დარტყმებთან დაკავშირებული ის ნაკლებ სასიამოვნო ეპიზოდები უკავშირდებოდა იმას, რომ 6-7 წლის წინ ჩვენ ვურტყამდით არა უბრალოდ ქართულ ტერიტორიას, არამედ ბანდფორმირებებს, რომლებიც 30 კმ-ით მიუხლოვდნენ სოჭს! აი, სადამდე მივიდა საქმე! შსს-ს სატვირთო მანქანები რუსეთის საზღვრისკენ გადაჰყავდათ და ჩვენ იძულებული ვიყავით, პრევენციული ქმედებები გაგვეხორციელებინა. მე მაშინ ამის შესახებ მაშინ მოქმედ პრეზიდენტს (სააკაშვილ - რედ.) ვუთხარი. ძალიან გვინდა, რომ ჩვენს ისტორიაში მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს!

ჩვენ გვინდა საქართველოსთან თანამშრომლობა, გვინდა ურთიერთობის სრული მოცულობით აღდგენა და, ვიმეორებ, თუ შევძლებთ ასეთი მუშაობის აწყობას სამართალდამცველი ორგანოების, სპეცსამსახურების სფეროში, ეს უვიზო რეჟიმის აღდგენისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იქნება” (სრულად ვ. პუტინის პასუხი ს. შევარდნაძის შეკითხვაზე იხილეთ და მოუსმინეთ აქ).

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 28 თებერვალი