საზოგადოება
ყველა დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, ვინც მონაწილეობა მიიღო ვეტოს დაძლევაში - პრეზიდენტი ახალ კანონს ხელს აწერს

   საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს:

„პარლამენტიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა კანონი. ამ კანონით ეროვნულ ბანკს უბრუნდება საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია, თუმცა, მოგეხსენებათ, რომ წელიწადნახევრის წინ კოალიციურმა უმრავლესობამ ეროვნულ ბანკს ჩამოართვა ეს ფუნქცია და ეროვნული ბანკი ორ ნაწილად გაყო, მიუხედავად არასამთავრობო სექტორის, საბანკო სექტორის, ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ეროვნული ბანკის წინააღმდეგობისა. ასევე, ეს გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდიოდა ასოცირების შეთანხმებასთან. პრეზიდენტმა, ცხადია, არ დაუშვა ეროვნული ბანკის ორად გაყოფა, ვეტო დაადო ამ კანონპროექტს, მაგრამ კოალიციურმა უმრავლესობამ დიდი ენთუზიაზმით მოახდინა ამ ვეტოს დაძლევა, თუმცა, მყისიერად ეს კანონი გააჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ, ხოლო უკვე წელიწადნახევრის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გაიზიარა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და ეროვნული ბანკის შესახებ კანონი ახლიდან შეიტანა პარლამენტში. მე მაქვს პრეზიდენტის მოტივირებული ვეტოც და საქართველოს მთავრობის ახლანდელი ვერსიაც - ეს პრაქტიკულად იდენტურია”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.