პოლიტიკა
ირანმა საქართველოს თბილისის აეროპორტში მისი მოქალაქეების შემოწმება აუკრძალა - ვინ აგებს პასუხს ტერაქტის შემთხვევაში?

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი. 2017 წლის 18 აპრილს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ “თბილისის აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლისას ირანის მოქალაქე ქალებს ხიჯაბის მოხსნას აიძულებენ, რაც რელიგიური შეურაცხყოფაა”. “საქართველომ პატივი უნდა სცეს ირანელ ტურისტებს!” - შენიშვნა მისცა მოჰამად ჯავად ზარიფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ამ უკანასკნელის ირანში ვიზიტის დროს - მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თბილისის აეროპორტში ირანის მოქალაქე ქალბატონს სასაზღვრო კონტროლის გავლისას უსაფრთხოების მიზნით ხიჯაბის მოხსნა მოსთხოვეს.

საქართველოს ხელისუფლებამ კი, პროტესტისა და ღირსეული პასუხის ნაცვლად, კაპიტულანტური განცხადებები გააკეთა - როგორც ირანული მედია წერს, “კვირიკაშვილი დაჰპირდა ირანელ კოლეგას, რომ დაუყოვნებლივ ბრძანებს ამ ინციდენტში გარკვევას”. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ, რომ ამ შეხვედრაზე ხიჯაბიანი ირანელი ვიზიტორების სასაზღვრო შემოწმების პროცედურებზე მსჯელობდნენ, სხვა დეტალები ქართულმა მხარემ არ გაახმაურა.

საქინფორმი: ეს მოწმობს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ირანისთვის მესამეხარისხოვან ქვეყნებს განეკუთვნება, ამიტომაც აძლევს თავს უფლებას ირანის მთავრობა, ქართულ მხარეს მსგავსი პრეტენზიები წაუყენოს, რასაც ვერ გაბედავდნენ ევროპის ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის მიმართ. ადვილი წარმოსადგენია, როგორ ხისტ პასუხს მიიღებდა ირანი ნებისმიერი ევროპული ქვეყნისგან, რომ არაფერი ვთქვათ აშშ-ზე, თუკი ის მათთვის მსგავსი აბსურდული მოთხოვნების წამოყენებას გაბედავდა იმ დროს, როცა ევროპის დედაქალაქები ტერორისტების თავდასხმებს განიცდიან!

აგებს თუ არა პასუხს კვირიკაშვილის მთავრობა და მმართველი პარტია “ქართული ოცნება”, რომლის ლიდერადაც ის გვევლინება, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტის შემთხვევაში? როგორ უნდა განსაზღვრონ ქართველმა უშიშროების თანამშრომლებმა - ხომ არ არის ხიჯაბის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობა? რა ნიშნებით შეიძლება ირანის მოქალაქე წესიერი ქალბატონის შაჰიდისაგან გარჩევა?!