საზოგადოება
საქართველოს ჰყავს 712 ყოფილი პარლამენტარი, რომლებმაც მარტო ბოლო ერთ წელიწადში 4 601 157 ლარი მიიღეს არაფერში! – თეონა ჭალიძე

   საქართველო, 26 აპრილი, საქინფორმი.  ოთხი მილიონ 601 ათას 157 ლარი გავიდა ბიუჯეტიდან მარტო იმაში, რომ ყოფილ პარლამენტარებს კომპენსაცია მიეღოთ. აღნიშნულ ინფორმაციას სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” სათათბიროს წევრი თეონა ჭალიძე ავრცელებს.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ გადაიხედოს კანონი და კომპენსაცია მიიღონ მხოლოდ იმ ყოფილმა პარლამენტარებმა, რომლებსაც სხვა შემოსავალი არა აქვთ. გაუგებარია, რატომ უნდა იხარჯებოდეს ამხელა ფული ბიზნესების და მილიონების მქონე ყოფილ პარლამენტარებზე, როცა ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემა არსებობს. ქვეყანაში, სადაც 126 570 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ბავშვია, სადაც ჯამში 445 555 სოციალურად დაუცველი გვყავს და 40000-მდე ოჯახს შეჩერებული აქვს საარსებო შემწეობა. ქვეყანაში, სადაც 39000-ზე მეტი მოქალაქე უფასო სასადილოს საჭმელს ჭამს და 7030 მოქალაქეზე მეტი მარტო თბილისში ერთ წელზე მეტია, ელოდება უფასო სასადილოს სიაში ჩასმას და, ფაქტიურად, შიმშილობს, ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 60 პროცენტი ვალით ჭამს და უბნის მაღაზიებში ნისიების რვეულებია გადავსებული – ბიუჯეტიდან მილიონები ყოფილ არაფრის მაქნის პარლამენტარებს მიაქვთ!!”, – აცხადებს თეონა ჭალიძე.