რედაქტორისგან
გამარჯვების დღე თეთრ სახლში: მეოცნეებო, ამერიკის წყალი გადაგესხათ! - არნო ხიდირბეგიშვილი (საქინფორმი)

   მათ, ვისაც ჯერ არ უგრძნია განსხვავება ტრამპის ამერიკასა და ობამას ამერიკას შორის და ჯერაც აშშ-ის დახმარების იმედი აქვს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დონბასის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების საქმეში;

- ვისაც სირიაში უსაფრთხოების ოთხი ზონის შექმნა არ ახსენებს ოკუპაციის ოთხი სექტორის შექმას ბერლინში ფაშისტური გერმანიის განადგურების შემდეგ;

- ვინც არ გამოაფხიზლა დაზვერვის ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლებამ, რომელიც ცდილობდა, "გამოეძიებინა აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიაში რუსეთის ჩარევა ტრამპის გუნდის მხარეს", და რომელმაც მიაწოდა გაზეთ Washington Post-ს ინფორმაცია აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინის "საიდუმლო მოლაპარაკების" შესახებ აშშ-ში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან სერგეი კისლიაკთან,

ვთავაზობ, შეაფასონ ჩემი კომენტარების თანმხლები ფოტოები და ახლა მაინც შეიგრძნონ განსხვავება.

ყველა მათგანი გადაღებულია 9 და 10 მაისს, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, მაგრამ, როგორც ფოტოებზე ჩანს, ზოგისთვის ეს გამარჯვების დღე იყო, სხვებისთვის კი - უსიტყვო კაპიტულაციის. მაშ ასე:

ფოტო №1: 9 მაისი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის (რომელიც დგას და რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი მხოლოდ თურქული დროშებით ხვდება - ფოტო №2) შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან (რომელიც ზის) რამდენიმე წუთს გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქართული მხარის თხოვნით მიიღო. რა დაუჯდა ოფიციალური თბილისს ეს შეხვედრა, არავინ ამხელს.

ფოტოთი თუ ვიმსჯელებთ, არა გვგონია, ტრამპი, რომელიც სავარძლიდან არ წამოდგა, რათა ფოტოგრაფებს "სტრატეგიული პარტნიორი" ქვეყნის მთავრობის მეთაურის მიმართ მისი განწყობა დაეფიქსირებინათ, კვირიკაშვილს საქართველოსთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებას დაჰპირებოდა. "არ დაგავიწყდეთ ჩვენ შორის განსხვავება, გახსოვდეთ თქვენი ადგილი, იმით დაკმაყოფილდით, რასაც ჩვენგან ღებულობთ და ნუ გექნებათ ილუზია, რომ აშშ და საქართველო თანასწორუფლებიანი პარტნიორები არიან", - თითქოს ამბობს ფოტოდან მომზირალი, სამუშაო მაგიდასთან ამერიკული მორიგე ღიმილით მჯდომი ტრამპი.

ფოტოები №№ 3, 4, 5, 6, 7, 8, 9: 10 მაისი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფეხზე ამდგარი ხელის ჩამორთმევით ეგებება რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სრულუფლებიან ელჩს აშშ-ში სერგეი კისლიაკს. სწორედ იმ კისლიაკს, რომლის შეხვედრის გამოც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველ მაიკლ ფლინთან (ვითომდა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მოხსნის თაობაზე) აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იძულებული გახდა, დაეთხოვა თავისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელმაც ამ თანამდებობაზე ერთი კვირაც არ იმუშავა (შეგახსენებთ, რომ პრესაში ინფორმაციის “გაჟონვა” ორგანიზებული იყო ფედერალური სადაზვერვო ბიუროს ამჟამად ასევე დათხოვნილი დირექტორის ჯეიმს კომის მიერ - იხილეთ ზემოთ).

ფოტოების და ტრამპის გამოხმაურებების მიხედვით, რომელმაც რუს დიპლომატებთან შეხვედრა შეაფასა, როგორც "ძალიან, ძალიან კარგი", ეს რუსული დიპლომატიის გამარჯვების დღე იყო. დავძენ, რომ ტრამპმა აკრძალა ამ შეხვედრაზე ამერიკელი ჟურნალისტების შეშვება და დაუშვა მხოლოდ ჟურნალისტები რუსეთის სამთავრობო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან, რომ მოლაპარაკება დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და, რა თქმა უნდა, ტრამპი და ლავროვი გვერდიგვერდ სავარძლებში ისხდნენ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტები თავის თანასწორუფლებიან კოლეგებს - სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს ხვდებიან ხოლმე.

მაგრამ როცა ვიღაც იმარჯვებს, ვიღაცა მარცხდება: ფოტო №10 გადაღებულია იმავე დღეს, 10 მაისს, ტრამპისა და ლავროვის შეხვედრის შემდეგ. ეს სრული და უსიტყვო კაპიტულაციაა! უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პაველ კლიმკინის (ფეხზე დგას) და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის (ზის) შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და, როგორც რადიკალური პარტიიდან უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ანდრეი არტიომენკო ამტკიცებს, ოფიციალურ კიევს ის 400 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა, ეს თანხა ამერიკული ლობისტური ფირმის ანგარიშზე გადაირიცხა. აშშ-ის კანონმდებლობის შესაბამისად, ინფორმაცია ამ კონტრაქტის შესახებ 6 თვის განმავლობაში გამოქვეყნდება აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ რესურსებზე. ამერიკის იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე 6 თვის შემდეგ, ასევე, გამოჩნდება ინფორმაცია საქართველოდან ამერიკელი ლობისტებისათვის ფულის გადარიცხვის შესახებ ანალოგიური სამსახურის გაწევის სანაცვლოდ, თუკი, ცხადია, ასეთი რამ მოხდა.

№10 ფოტოზე ტრამპის ჟესტის მიხედვით ჩანს, რომ ის მკაცრად ტუქსავს დაბნეულ კლიმკინს: „ნურც კი ეცდებით “ჩემს გასულელებას” რუსეთის აგრესიის თაობაზე და კიევმა სასწრაფოდ შეწყვიტოს დონბასში ხულიგნობა და შეასრულოს მინსკის შეთანხმება, თუ არა და, საკუთარ თავს დააბრალეთ!“.

P.S. ქართულ ენაში არის ასეთი გამოთქმა "წყალი გადაგესხათ", რაც ნიშნავს, დაე, თქვენც ვისიმე კვალს გაჰყვეთ, დაე, თქვენც შეგემთხვათ რაღაც კარგი, რაც ვინმეს დაემართა. ჰოდა, მინდა, საქართველოს დღევანდელ მმართველებს ვუსურვო - ამერიკის წყალი გადაგესხათ, ანუ აშშ-ის კვალს გაჰყევით რუსეთთან დიალოგის და ურთიერთობის მოგვარების გზაზე.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
საქართველო, თბილისი
2017 წლის 16 მაისი