რედაქტორისგან
მუხთარლის საქმე - მორიგი საბაბია ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გაღვივებისთვის საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით! - არნო ხიდირბეგიშვილი

   საქართველოში აქტიურად მზადდება მორიგი “ფერადი რევოლუცია”. ახალი “ხავერდოვანი” სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები - პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი აპარატი, სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობა” პლუს სატელიტი პარტიები (“ევროპული საქართველო”, რესპუბლიკური პარტია, ლეიბორისტული პარტია, “თავისუფალი დემოკრატები”, უსუფაშვილის ცენტრისტული პარტია, “გირჩი” და სხვები), აგრეთვე რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ით ავანგარდში - მოქმედი ხელისუფლების შეცვლის განზრახვას არ მალავენ, და საზოგადოებასაც ესმის, რომ მათი შემდგომი მშვიდობიანი თანაცხოვრება (cohabitation) მმართველ გუნდთან - მთავრობასთან, საპარლამენტო უმრავლესობასთან და პარტია “ქართულ ოცნებასთან” - შეუძლებელია.

“ვარდების რევოლუცია-2”-ის საბაბი იქნება არა კორუფცია, როგორც 2003 წელს, არამედ ახალი ეროვნებათაშორისი კონფლიქტი - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კარგად აპრობირებული მეთოდი. ამჯერად ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტია ჩაფიქრებული და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქვემო ქართლის რეგიონში არეულობა, ასევე პროტესტი აჭარაში ახალი მეჩეთების მშენებლობასთან დაკავშირებით მხოლოდ უვერტიურა იყო. დღეს ატეხილი ისტერია ვითომდა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ქართული სპეცსამსახურების მიერ ვითომდა მოტაცების და აზერბაიჯანის სპეცსამსახურებისთვის გადაცემის თაობაზე - პროვოკაციული სცენარის გაგრძელებაა.

სინამდვილეში აფგან მუხთარლი სულაც არ არის ჟურნალისტი, არამედ სკანდალური ჟურნალისტის საჯიჯა ისმაილოვას ყოფილი მცველია, დაქორწინებულია ყოფილ ჟურნალისტზე, პარტია “მუსავატის” პრესცენტრის ხელმძღვანელ ლეილა მუსტაფაევაზე, რომელმაც საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღო, როგორც განსვენებული პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას მიერ არაქართველი ეროვნების ლიდერთა მომზადებისთვის დაარსებული საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა კერძო ინსტიტუტის GIPA-ს სტუდენტმა. მისი რექტორი იმ დროს საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახლდათ, სწორედ იქ გაიცნეს მათ ერთმანეთი...

ზემოთ ჩამოთვლილები საქართველოში აზერბაიჯანული იატაკქვეშეთის აქტივისტები არიან, ბაქოდან თბილისში გამოქცეული ოპოზიციონერები, რომლებიც უკვე აქედან ამზადებენ “ფერად რევოლუციას” აზერბაიჯანში - პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლების დამხობას. მათ სპონსორებად და კურატორებად გვევლინებიან დასავლეთის ცნობილი დივერსიულ-ძირგამომთხრელი ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ხანია, მთელ მსოფლიოში “ფერადი რევოლუციების” მოწყობაზე სპეციალდებიან: Freedom House, People in Need, Human Rights Watch, NDI, IRI, აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, რომელიც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა ამ რაიონული მასშტაბის “ჩეპეს” უკიდურესად “შეშფოთებული” საგანგებო განცხადებით, სადაც მოითხოვდა მუხთარლის “უსწრაფესად გათავისუფლებას”, მომხდარი უმსგავსობის “გამჭვირვალე და ამომწურავ გამოძიებას” დამნაშავეების დასჯის მიზნით, რასაც აშშ “ყურადღებით დააკვირდება”.

აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი, რომ ქართულ-აზერბაიჯანული კონფლიქტი ყარაბაღში პერმანენტულად მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე ძალიან აწყობს აშშ-ის ხელისუფლებაში მოკალათებულ “ქორებს” - კონგრესმენებსა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელებს, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართ მტრულად არიან განწყობილი, მით უფრო რომ კომპეტენტური და სანდო წყაროების მტკიცებით, ეს საბრძოლო მოქმედებები მალე სრულმასშტაბიან სომხურ-აზერბაიჯანულ ომში შეიძლება გადაიზარდოს, რომელშიც ჩათრეულნი აღმოჩნდებიან საქართველო და თურქეთი.  

აზერბაიჯანის კომპეტენტური ორგანოების - პროკურატურის და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის - განცხადების მიუხედავად, რომ საქართველოში  მუხთარლი ზემოთ ჩამოთვლილ “აზერბაიჯანის მიმართ მტრულად განწყობილ ორგანიზაციებთან” თანამშრომლობდა, რომელთა საქმიანობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აკრძალულია, ოფიციალურ თბილისს დღემდე არანაირი ზომები არ მიუღია საქართველოში აზერბაიჯანული იატაკქვეშეთის დივერსიულ-ძირგამომთხრელი საქმიანობის აღსაკვეთად, იმიტომ რომ საქართველოს მარიონეტულ ხელისუფლებას, აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან განსხვავებით, უფლება არა აქვს, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები მიიღოს აშშ-ის ელჩის იან კელისა და ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის უილიამ ლაჰიუს გარეშე!

  მეტსაც გეტყვით - საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პიარ-შოუ მოაწყო და თავი მოიკატუნა, რომ „არ ესმის ფოკუსი - როგორ გაქრა ადამიანი პუნქტ “ა”-ში - თბილისში, და გაჩნდა პუნქტ “ბ”-ში - ბაქოში”, თუმცა საქართველოს შსს-მ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ მუხთარლი თვითონ გაემგზავრა თბილისიდან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისკენ მისი უკანონოდ გადაკვეთის მიზნით, რაც, თურმე, არაერთხელ გაუკეთებია, რის შემდეგაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ის კონტრაბანდით - 10 ათასი ევროთი დააკავეს, რომელიც, უეჭველია, აზერბაიჯანში შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების მოსამზადებლად იყო განკუთვნილი! საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კი, მუხთარლის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, “შოუს აწყობს” და პრეზიდენტ მარგველაშვილთან შუამდგომლობს მუხთარლის ოჯახისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, რაზეც ლეილა - ხანუმმა მრისხანედ განაცხადა უარი!

საქართველოს, თუ ის აზერბაიჯანის მეგობარი და მოძმე ქვეყანაა, არ უნდა დაეშვა თავის ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი „რევოლუციონერების“ ძირგამომთხრელი საქმიანობა ოფიციალური ბაქოს წინააღმდეგ!

საქართველოს, თუ ის აზერბაიჯანის მეგობარი და მოძმე ქვეყანაა, აფგან მუხთარლი და თბილისს შეფარებული აზერბაიჯანელი ბოევიკები ჯერ კიდევ მაშინ უნდა დაეპატიმრებინა, როდესაც მათ პირველად შემოდგეს ფეხი საქართველოს ტერიტორიაზე, და ბორკილებდადებული გადაეცა აზერბაიჯანისთვის! დარწმუნებული ვარ, ოფიციალური ბაქო სწორედ ასე მოიქცეოდა, თუკი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დამკვიდრებას შეეცდებოდა მიხეილ სააკაშვილის “რევოლუციონერების” უკრაინაში კარგად ცნობილი დანაშაულებრივი ჯგუფი ან საქართველოს ნებისმიერი სხვა მტერი! აზერბაიჯანი თავის ტერიტორიაზე, თანაც - დედაქალაქში მათ ყოფნას ერთი დღითაც კი არ დაუშვებდა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ ძირგამომთხრელ პროვოკაციულ საქმიანობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!

უკრაინამ, მართალია, დიდი დაგვიანებით - მას შემდეგ, რაც ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველო, სამ ნაწილად გაიყო - სააკაშვილის ქართული გუნდი გამოაძევა და მალე, კომპეტენტური, სანდო წყაროების შემოწმებული ინფორმაციით, მასაც დააპატიმრებს და საქართველოს გადმოსცემს, რასაც აქამდე ჯონ მაკკეინის და აშშ-ს კონგრესში მისი ჯგუფის ხათრით არ აკეთებდა.

საქართველო ერთადერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა რჩება, რომელსაც ღიად მართავენ დასავლეთის ინსტიტუტები და ფონდები, ხელისუფლებას კი აშკარად პროპაგანდისტული ტელეარხის “რუსთავი 2”-ის საქმიანობის აღკვეთაც კი არ ძალუძს, რომელიც ყოველდღე აქეზებს საქართველოს მოსახლეობას მოქმედი ხელისუფლების დამხობისკენ!

იმ ტელეკომპანიის ძირგამომთხრელი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისა, რომელიც საქართველოს პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის მრავალი დანაშაულისთვის ძებნილ, კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩამდენ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის!

ტელეარხისა, რომლის საშუალებით 2003 წლის ნოემბერში საქართველოში “ფერადი სახელმწიფო გადატრიალება” მოხდა, რომელმაც შემდგომში ათიათასობით სიცოცხლე და საქართველოს ტერიტორიის 20% შეიწირა!

ტელეარხისა, რომელზეც, “არაფრის მაქნისი მოქმედი ხელისუფლების” დამხობისკენ მოწოდებებს შორის, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის წინააღმდეგ ცილისწამება, ყოველივე ტრადიციულად ქართულის - ცეკვების, სიმღერების, ცხოვრების ადათ წესის, ისტორიის - დამცინავი პაროდიული დისკრედიტაცია მიმდინარეობს!

ტელეკომპანია “რუსთავი 2” და მთელი ეგრეთ წოდებული “ქართული საზოგადოებრივი სექტორი” - სოროსის და ზემოჩამოთვლილი დასავლური ორგანიზაციების მიერ შექმნილი ადგილობრივი “უფლებადამცველი” არასამთავრობოები - დღევანდელი “გამჭვირვალობის, სიტყვის თავისუფლების და ჟურნალისტთა (აფგან მუხთარლის სახით) უფლებებისთვის მებრძოლები” - არ აწყობდნენ ფლეშმობებს პარლამენტის შენობაში თავზე ჩამოცმული პოლიეთილენის პაკეტებით, არ გაჰყვიროდნენ მეგაფონებში მთავრობის კანცელარიის შენობის წინ, პლაკატების ქნევით არ გამოხატავდნენ პროტესტს, არამედ გასუსულები იყვნენ და აშკარად ზეიმობდნენ, როდესაც არცთუ დიდი ხნის წინ, სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში, ხელისუფლება მისთვის არასასურველი ტელეკომპანიების ოფისებს და დამოუკიდებელი გაზეთების “ასავალ-დასავალის”, “საქართველო და მსოფლიოს”  და ქართული საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“-ს რედაქციებს არბევდა!

სხვათაშორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის საყურადღებოდ: საქართველო არის და ყოველთვის დარჩება პოსტსაბჭოთა ქვეყნად, იმიტომ რომ ეს - უცილობელი ისტორიული ფაქტია: რაკი ის 70 წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, ესე იგი, 1991 წლის შემდეგ ის - პოსტსაბჭოთაა! მაგრამ საკუთარი ისტორიის დავიწყება, წარსულზე უარის თქმა გადაშენების გზაზე მდგარი უთავმოყვარეო ხალხების, მონებისა და მარიონეტების დამახასიათებელი თვისებაა, ეს არის ზემოხსენებული დასავლური ორგანიზაციების საქმიანობის შედეგი, რომლებმაც თავიანთ მიზანს მხოლოდ ორ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - საქართველოსა და უკრაინაში მიაღწიეს! იმისათვის, რომ ყოფილი სსრკ-ის ხალხებმა თავის ისტორიასთან ერთად ძველი მეგობრობაც დაივიწყონ, მათ შორის - ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ძმური მეგობრობა!

ყველა ნამდვილ ქართველს დღეს ძალიან რცხვენია, რადგან როდესაც თბილისში “აზერბაიჯანელი ჟურნალისტის” აფგან მუხთარლის დასაცავად მასკარადული მასხრული მიტინგები იმართებოდა, აზერბაიჯანმა გაეროში მორიგჯერ მისცა ხმა ქართულ რეზოლუციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ქართველი დევნილების საკუთარ სახლებში დაბრუნების მხარდასაჭერად, ხოლო ერთი დღით ადრე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა! “მადლობის ნიშნად“ კი  პროვოკატორებმა თბილისში ჰეიდარ ალიევის სახელობის სანაპიროზე მის მემორიალს წითელი საღებავი შეასხეს...

 

საქინფორმი-ს მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 8 ივნისი
საქართველო, თბილისი