რელიგია
ილია II: „ოდითგანვე როგორც კი მტერი გაგვიღიმებდა, ჩვენ მაშინვე ყველაფერს ვპატიობდით და ახლაც ასეა...“

katolikosiსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთისა და თბილისის არქიეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გუშინ, 23 იანვარს ,საკვირაო ქადაგებისას ღვთის მადლსა და მშვიდობაზე ისაუბრა.

„როდესაც ვისმენთ „მადლი ღვთისა, მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“, ეს არის უდიდესი ძალა. და თუ ადამიანი მოიპოვებს მადლსა ღვთისას, მას ეძლევა მშვიდობა. გამოდის, რომ ღვთის მადლი და მშვიდობა გადაჯაჭვულია ერთმანეთს“, – ბრძანა კათოლიკოს–პატრიარქმა.

მისი აზრით, ერი უნდა იყოს ღვთისმოშიში, ღვთისმორწმუნე და ღვთისმოსიყვარულე. უფალი ამ შემთხვევაში ერს ძალას აძლევს. თუმცა ეს ძალა დიდი ქონებით არ განისაზღვრება. ეს არის სულიერი ძალა და მადლი სულისა წმინდისა. ვერავითარი მიწიერი ძალა ამ ძალას ვერ შეედრება.

„ბიბლიაში ვკითხულობთ: ჟამი არს ნგრევისა, შენებისა, ომისა და მშვიდობისა და შევთხოვოთ უფალს, რომ დადგეს ჟამი მშვიდობისა. მინდა ყველამ ილოცოთ, რომ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში იყოს მშვიდობა“, – ბრძანა ილია მეორემ.

მისი თქმით, მშვიდობამ უნდა დაისადგუროს ადამიანთა გონებაში, გულში, ოჯახებსა და მთლიანად საზოგადოებაში.

უწმინდესის თქმით, თუ ადამიანი ბოროტებას გაგიკეთებს, მხოლოდ სიკეთით უნდა უპასუხო, რადგან ბოროტება არა ბოროტებით, არამედ სიკეთით იკურნება.

„ქართველი ადამიანი ოდითგანვე ერთი თვისების მატარებელი იყო – ბოროტების გულში ჩადება არ იცოდა. როგორც კი მტერი გაგვიღიმებდა, ჩვენ მაშინვე ყველაფერს ვპატიობდით და ახლაც ასეა“, – ბრძანა კათოლიკოს–პატრიარქმა. ილია მეორემ მიმართა ერს, რათა ილოცონ საქართველოს გამთლიანებისთვის, რათა მადლმა სულისა წმინდისამ გააერთიანოს ქვეყანა.